მკვდარი ქალაქი
სასაცილოა, როდესაც ისევ იმ მდგომარეობაში იგდებ თავს, რომლიდანაც ერთხელ უკვე ამოძვერი, ეს ყველაფერი აღარ ჰგავს შეცდომებს, ბევრად მძიმე ფონი იშლება შენს უკან, სიზმრებივით დანაწევრებული და დაშლილი. როდესაც შეცდომაზე სწავლობ, ტკივილი გაძლიერებს, მაგრამ თუ კი, ერთსა და იმავე შეცდომას მრავალჯერ იმეორებ, ამას ვეძახი, გაფუჭებული რადიოს სინდრომს, რადგან ვერ ცვლი სიხშირეს. ხშირი მხოლოდ ტკივილი რჩება, მისი კარგად ნაცნობი ხმა კი, ფარავს ხმამაღალ მუსიკას. პიროვნების დაშლა ლეგოს სტილში მიმდინარეობს, ეს არის თამაში, რომელშიც ცდილობ გამარჯვებას, მაგრამ არ გყოფნის დეტალები ააგო კოშკი. ყველა კოშკი ინგრევა, ამ ნანგრევებში კი დადიხარ ისე, როგორც ჩერნობილში. მკვდარი ქალაქი გარშემორტყმულია გაცვეთილი კორპუსებით და რამდენჯერაც გაიმეორებ, რომ შენ ხარ ლეგენდა, ზუსტად იმდენ ალტერნატიულ დასასრულს შემოგთავაზებს რეჟისორი. ზოგჯერ სჯობს, აღიარო მარცხი და დაკარგო ოქროს მედალი, რადგან მასა, ხშირად მაინც, ვერცხლზე იყიდება. ვერცხლზე, რომელიც ისე იფანტება, როგორც ჩემი განწირული ხმა ბნელ ღამეში. შეეგუე, რომ მხოლოდ ბნელ დღეებს ესმის შენი, რისთვისაც არ დაბადებულხარ, იმ სპორტში ყოველთვის შრომის გარეშე გაჯობებს ადამიანი, რომელსაც შენთან ბრძოლის წინ გააღვიძებენ. პრინციპი ერთია, თუ არ აპირებ გასროლას, არასდროს აიღო იარაღი ხელში, რადგან ყველა იბრძვის ისე, როგორც შეუძლია. დემონებს, მხოლოდ ანგელოზებთან ერთად დაამარცხებ, სისასტიკე ზოგჯერ ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძი ჩანს, მაგრამ, არა მაშინ, როდესაც შენს ქვაბში, მხოლოდ სიკეთე იხარშებოდა. ყველა ხედავ იმას, რისი დანახვაც შეუძლია და მაინც, ყოველჯერზე, როდესაც ვხედავ, რომ მათ თვალებზე არავინ აფარებს ხელს, ვხვდები, რამდენი უსინათლოა ჩვენ გარშემო, რომლებსაც სჯერათ, რომ ყველაფერს ხედავენ და ყველაფერი ესმით. შექსპირის სონეტები, მათ ნიღბებს ვერ ფარავს ისე, რომ ვერ შეძლო მათი ამოცნობა, უბრალოდ უნდა დააკვირდე სურათს ისე, თითქოს უეცრად ლუვრში აღმოჩნდი, სწორი გამოსავალია იფიქრო, რომ ეს შანსი, მეორედ აღარ მოგეცემა. ამიტომ დააკვირდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი