სიყვარულის ღმერთი
უსახლკაროდ, რომ არ დავრჩენილიყავი მწერლობას შევეკედლე, ზოგჯერ ცივი ქარი ძვლებში ატანს, როცა ღამით იმაზე ვფიქრობ, რამდენად ახლოსაა ყოველი ქარის დაჯახება სახურავის ახდასთან, მაგრამ ბავშვობაში მასწავლეს, რომ რწმენის ქვეშ, ქოხი უფრო მყარია, ვიდრე სასახლე. გაჭირვებულები, ყოველთვის თავს აიმედებენ, შემდეგ კი სხვებსაც აიმედებენ, ამიტომ ბევრს იმედი, რწმენაში ერევა, რადგან როცა შუქი ქვრება, მათთვის უეცარი სინათლე ღმერთთანაა დაკავშირებული, მაგრამ, როდესაც მზე ანათებს, არავის ახსოვს ღმერთი. მე ვფიქრობ, როცა სინათლეში შევძლებ ლოცვას, მაშინ ჩავთვლი, რომ იმაზე სწორი ადამიანი ვარ, ვიდრე დედაჩემს ვგონივარ. ცხოვრება ზოგჯერ იმედებს ასამარებს, მაგრამ არსად ქრება რწმენა, რომელიც შინაგანად ცოცხლობს შენში, მაშინაც კი, როდესაც ბნელ ჩიხში გიქვრება ლამპარი. ისარი თუ მიზანში არ მოხვდება, ყველა ჩათვლის, რომ ტყუილად გაისროლე და მეც ვნახე ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ არ სცადონ, რადგან ეშინიათ, არ დაუშვან შეცდომა, მე კი ისე დავუშვი შეცდომები, როგორც ვარაუდები. ნუ შეგეშინდება, რადგან როდესაც მარტოდმარტო იგრძნობ თავს, გახსოვდეს, რომ მაშინაც ფიქრობს ვიღაც შენზე და სანამ შთანთქავს კუპრი გონს, სცადე ენდო კუპიდონს, რადგან თუ კი დანაკარგი არ კაწრავს სულს, არ თქვა, რომ ოდესმე გიყვარდა. ყველაფერს თავის ფასი აქვს, ამიტომ არ მიყვარს, როდესაც აუფასურებენ იმას, რაც უნდა დარჩეს წმინდად. არ მინდა მესმოდეს მგლოვიარის სიცილი, როდესაც თეთრი ხდება სხეული, ყველა ღონისძიებას აქვს შესაბამისი მუსიკა და სადაც საჭიროა ცრემლი, სხვა ყველაფერი უადგილოა. არავინ გთხოვს იყო, ის რაც არ ხარ, მაგრამ თუ დემონის ხელებში ვხედავ არფას, მის ჰანგებს არ უნდა აფორმებდეს ხარხარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი