განაცრისფრებული ანგელოზები


ადრე ანგელოზთან ერთად ვსეირნობდი და ვიცოდი ეს იყო ჩემი მოწოდება, თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც ფრთების შრიალის ხმა შეწყდა, სიბნელეში მომიწია გზა გამეკვალა, ამიტომ საკუთარი თავის დასჯას, სხვების დასჯა ვარჩიე. ადამიანს დასაბამიდან დაცემული ბუნება აქვს და თბილისშიც, ედემის მსგავსად, პიკს აღწევს ღელვა, როდესაც საქმე ნაყოფის ზედოზირებას ეხება. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ისევ ვარჩევ თეთრს და შავს, ამიტომ ადამიანებშიც ვხედავ იმედის ნაპერწკალს, როდესაც ფიქრების ტექსტებად ქცევას ცდილობენ, ყველა ჩვენგანს რაღაც დაგვაკლეს, ამიტომ ვცდილობთ ვიპოვოთ ის, რაც ჩვენი გვგონია და სასაცილოა, რომ ჩვენ ის არასდროს გვქონია. როდესაც აღარ ვიქნები, მჯერა, ყველა ჩემ ჩანაწერს იმაზე დიდი ფასი ექნება, ვიდრე ახლა აქვს. დროის გასვლის შემდეგ, ძველ ნაწერებს ვშლი და რაც დარჩება, მჯერა იმდენად ღირებული იქნება, როგორც ახალი სიცოცხლე. არსებობა ხშირად მტკივნეულია, მაგრამ შენი მიზნები თუ უკვე ჩასახულია, აბორტი დაუშვებელია. უნდა იბრძოლო იმისთვის, რისი კეთებაც გსიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დოზით იმის კეთება გიწევს, რაც გეზიზღება. ზოგჯერ მეკითხებიან, რატომ ვამხნევებ და უფრო ხშირად უკვირთ, რატომ მჯერა მათი. ალბათ, ესეც დანაკლისის შევსების გაუაზრებელი მცდელობაა, რადგან, როდესაც ქება მივიღე, უკვე აღარ მჭირდებოდა, მაგრამ მაშინ, როდესაც რამდენიმე სიტყვასაც დიდი ძალა ჰქონდა, ჩემ ფილმს მუსიკის მაგივრად, დუმილი აფორმებდა. მახსოვს სად და როგორ დავეცი, ამიტომ, არასდროს ვსაუბრობ პედესტალიდან, რადგან მე ვარ გაბნეული მტვერი ბრბოში, რომელსაც ჯიუტად სურს, რომ პიროვნება უფრო მაღალ საფეხურზე იდგეს, ვიდრე კარიერა. ზოგჯერ კონტრასტს ქმნის, რომ ვიღაცისთვის, მე ვარ ვიღაც. უცნაურია სამყარო, რადგან გვიან ხვდები, ვისთვისაც არავინ უნდა ყოფილიყავი მან გაგამეფა, მაგრამ ვისთვისაც სამყაროს გაყიდიდი მაინც, ბოლო ბომჟად რჩები. ამიტომ უნდა შეგეძლოს ქამელეონივით იცვალო ფერი, მაგრამ არ დაკარგო საკუთარი იდენტობა, რადგან, ჯობს განაცრისფრდე, ვიდრე საერთოდ დაკარგო ფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი