ტრაგედიები


მუდამ თეთრი ხრეშითაა მოფენილი ადგილი, რომელზე ფეხის დადგმაც, როგორც მახარებს, ისე მკლავს. რთულია, როდესაც ფიქრობ, იმაზე, რომ გარდაცვლილია ის ადამიანი, ვინც ალბათ, დღეს ყველაზე მეტად გეყვარებოდა. ვინ იცის, დღეს მერამდენე ცრემლი გადავყლაპე, მარტო იმიტომ, რომ ვჩანდე უფრო ძლიერი. თითქოს ცეცხლის ალშია გახვეული ორგანიზმი, ყოველი ახალი ამოსუნთქვა მტკენს ფილტვებს, მაგრამ კარგად ვარ, რადგან თავს ვაჯერებ, მე არაფრის შეცვლა შემეძლო. ყველაფერი მაინც დაინგრეოდა. ზოგი ტკივილი დღემდე ვერ გადავხარშე და ვხვდები, რომ ამით გზა გავიძნელე. უბრალოდ არ შემეძლო სხვანაირად, ყველაზე უცნაურია, როდესაც გგონია, რომ შენი ცხოვრება, შენზე არ არის დამოკიდებული. ბავშვობაში მეგონა, რომ ჩემი ოჯახის ტრაგედიები, გავლილ შეცდომად აღვიქვი და მე აღარ გავიმეორებდი იგივეს, მაგრამ შევცდი, მძიმე წყევლის მსგავსად მომიწია სირთულეებთან ბრძოლა, რომ დავამტკიცო ის, რაც ყველას დავაჯერე თავის დროზე. ვიცი, რომ სხვა ვარ, მაგრამ, ვერ ვმართავ თავს. მარტივი კითხვის პასუხივით ხვდები, რამდენად ახლოს ხარ ფსკერთან, როდესაც მზად ხარ, უკეთესად ყოფნისთვის, ნებისმიერი საშუალებით გაექცე იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობ. ადრე მეგონა ცდებოდნენ, როდესაც არჩევანს ჩემზე არ აკეთებდნენ, დღეს ვხვდები, რომ ყველაზე სწორი არჩევანი ჩემი ცისკენ ფრანივით გაშვებაა, რადგან, ზოგჯერ, მონდომებულ ცუდ მშენებელს ვგავარ, რომელსაც ბევრი პროექტი აქვს, მაგრამ საბოლოოდ ყველა ინგრევა. ტკივილების მრავალგვარი სახე გამოვცადე და რამაც გაყინულ თვალებში ცრემლის ჩაყენება შეძლო, აღმოჩნდა ის, რომ დავავიწყდი მას, ვინც მე ვერ დავივიწყე. ვინ იცის, რამდენი ადამიანის თვალში ვარ დღეს ცუდი ადამიანი, რადგან როდესაც ინტერესს ვკარგავ, მომენტალურად სხვა ადამიანად ვიქცევი, რომელიც ვიცი, რომ არ ვარ, ან არ მინდა ვიყო და უბრალოდ მივყვები თამაშს, რომელშიც აღმოვჩნდი. დღეს რთული დასაჯერებელია, რომ გულით ვცდილობდი ყოველჯერზე, ალბათ, როდესაც იმედგაცრუება გქვია, შენ მცდელობებსაც რუბლის ფასი აქვს. ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ, სხვებს ვასწავლი, რომ ფუჭია იმაზე დარდი, რასაც ვერ გამოასწორებ. რთულია თავს დააჯერო ნაბიჯი არ გადადგა მაშინ, როდესაც მასთან დაცემა გირჩევნია, სხვებთან ერთად ფრენას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი