ერთი გრამი რწმენა


ბინდში გახვეული გონებით, ვაცეცებ დაკარგულ თვალებს, მძიმე სხეულის თრევით დაღლილი, მხოლოდ მწუხარებას ვპოულობ. განცდა მაქვს, რომ არასწორ ადგილას ვეძებ იმას, რასაც ალბათ არც უნდა ვეძებდე. ვინ იცის სწორი ადამიანი, რამდენჯერ ჩაუყლაპავს არასწორს დროებას და რამდენ სირთულეს გაუძლო შრამებით ნატანჯმა სულმა, სანამ სიმშვიდის ძიებაში ბოლო ხიფათს წააწყდებოდა. კითხვებს, რომლებსაც პასუხი არ აქვთ, მერამდენედ ვიმეორებთ, გვინდა გავიგოთ ის, რაც არ გვესმის და მაინც გვჯერა, რომ გავიგებთ ხმას, რომლის არსებობისაც, აღარ სჯეროდათ. არეულ ნიშნებს ჰგავს ქაოსში ბოდიალი, როდესაც გგონია ნათებას მიყვები, რომელიც საბოლოოდ წყვდიადისკენ გიკვალავს გზას. გაუმართავ გზებს, გაუმართავი ადამიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე მივყავართ, ხშირად ვფიქრობ, რომ დასრულდება უწყვეტი ბილიკი, იქნებ, ეს დასასრული აღმოჩნდეს ახალი მისიის დასაწყისი. გაურკვევლობა ძველი შენობებივით მანგრევს, შევსებას ვერ ვასწრებ, ისე ვიცლები, ავზივით, რომელიც სულ ნათებით გაუწყებს, იმას, რომ დასასრული ახლოვდება. უდაბურ უდაბნოში გაჭედილი კოვბოი, კაცსაც მოკლავდა, ერთი ყლუპისთვის, მე კი ერთი გრამი რწმენა, იმის საშუალებასაც არ მაძლევს, თავზე ხელი საბოლოოდ ავიღო. ცხოვრება არ არის შენი დაწერილი სცენარი, ამიტომ არ იცი რას გიმზადებს ბედისწერა, სანამ მომენტის წინაშე არ დადგები, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობ, შეიძლება ჩახმახსაც გამოკრა თითი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ აღმოჩნდე მსხვერპლი, რომელიც მეათე ხარისხოვანი აღმოჩნდა ფილმში, ის, ვისი სახელიც ტიტრებშიც არ ეწერება, ის, ვისაც სიკვდილის შემდეგაც არ გაიხსენებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი