ილუზია
უცნაურ აბრებს ვხედავ, მესმის, რომ ძაღლები ყეფენ, თითქოს ამ ხმაშიც რაღაც მინიშნება დევს, როგორც მტვრიან ქარში, პირში გაუქრობელ სიმლაშეს, რომ ტოვებს. სიარულის დროს, როდესაც არაფერზე ფიქრობ, ყველა მოგონება ერთად იყრის თავს, თითქოს გონება ეძებს იპოვოს გამოსავალი იქ, სადაც ერთხელ მაინც იფიქრე, რომ ის იყო გამოუვალი მდგომარეობა. ვამჩნევ ხიდს, რომელიც იმედებს კლავს, უიმედო ხალხის ანაბეჭდებია ამოტვიფრული მოაჯირზე, რომლებმაც გაიხსენეს ბოლო შეხება და კვალი სხეულის მაგივრად, უსიცოცხლო რკინაზე დატოვეს. კარგად მახსოვს, როგორ შევიძინე მეტაფორები ძველ მარკეტში, მხოლოდ იმიტომ, რომ რეალობა არ ყოფილიყო ისეთი საშიში, როგორიც იყო, ან როგორიც არის. ყველა ნიღაბი ამოვიღე ჩანთიდან და ხიდიდან მოვისროლე, იმ ბეიჯებთან ერთად, რომლებიც მახსენებდნენ, როგორ დავკარგე საკუთარი სახე, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მიწევდა მეცხოვრა. ვხედავ ადამიანებს რომლებსაც ცხოვრება ახარებთ, ყოველი მიღწეული მიზანი მათ გრაფაში მწვანედ ისახება, თითქოს არაფერი სწყინთ, თითქოს არაფერი ადარდებთ. მათ ვერ ვირეკლავ, ისინი, მე ვერ მხედავენ, რადგან თვალები დახუჭული აქვთ. მიუსაფარი, რომელიც ხურდას მთხოვს, ამბობს, რომ იესო ნახა, მას შეშლილს ეძახიან და ქუჩიდანაც აგდებენ, ის ყველგან სახლში გრძნობს თავს, რადგან თავისუფალია, მაგრამ, მისგან მაინც, ზედმეტად შორს რჩება ბედნიერება. მე მას ვირეკლავ, მისი დარდი, შეგიძლია ჩემს თვალებში წაიკითხო, მაგრამ შენც თვალებს ხუჭავ, ამიტომ ვერაფერს ხედავ. ცხოვრება მარტივია დახშული სმენით, უსინათლოდ მიმავალ ბილიკებზე, სადაც მხოლოდ ილუზია იმარჯვებს, როგორც წიგნის ვერ გაგებულ ფურცლებზე, სადაც მხოლოდ ის ამოიკითხე, რაც თავად გსურდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი