წყვდიადი როგორც სასახლე


ერთ დღეს, როდესაც გავიღვიძე, მივხვდი, რომ გარემო ბნელით იყო მოცული. თითქოს თვალდახუჭული უკეთესად ვხედავდი, თავში კი ხმაური არ ჩერდებოდა. მახსენდებოდა ყველა მტკივნეული მომენტი, განცდები, რომელიც სხეულს შიგნიდან მიკაწრავდა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჯოჯოხეთი, მაგრამ თუ საკუთარი თავი არ მატყუებდა, ვიცოდი, შემეძლო მძიმედ სუნთქვა და ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრები მიმეტებდა სასიკვდილოდ. გადიოდა დღეები და არაფერი იცვლებოდა, მხოლოდ სიცარიელე, სიბნელე, მომავლის იმედისგან დაცლილი მხარე, სადაც ტკივილი მეფობდა. ყველანაირი რესურსი ჩავდე, რომ ცხოვრება შემეცვალა, დავდევდი ყველა ტრავმას სიბნელეში და მივხვდი რაც მტანჯავდა, ეს იყო გაურკვეველი პრობლემების დევნა, რამაც სრულ სიბნელემდე მიმიყვანა. ერთ მომენტში უბრალოდ გავჩერდი და დავიწყე გააზრება, ეს იყო ყველაზე მწარე რეფლექსია, რის შემდეგაც გამოჩნდა სარკე, რომელშიც დიდი ხნის შემდეგ, პირველად გავბედე ჩახედვა. ზედმეტად შეცვლილი ვიყავი, მაგრამ მიხაროდა მხოლოდ ერთი რამ, შემეძლო დამენახა, შემეძლო მესაუბრა, თითქოს დასამტკიცებელი აღარაფერი მქონდა, ვხედავდი, რომ აღარ ვიყავი კარგი და მე ამის აღიარება შევძელი. გარშემო ისევ სიბნელეა, არსად გავრბივივარ, მივხვდი, რომ მივიღე - წყვდიადი როგორც სასახლე. კადრები ზოგჯერ ფერმკრთალია, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემი კინოა, ყალბი სტანდარტების გარეშე. ის რაც შენია, ყოველთვის ძვირფასია, უბრალოდ ხშირად გვაშინებს აღიარება, გვინდა ის ვიყოთ, ვინც ვერასდროს ვიქნებით, ამიტომ გავრბივართ და მუქდება რეალობა. ილუზიებით არასწორ კანში ვცხოვრობთ, რადგან გვინდა მხოლოდ კარგად ისაუბრონ ჩვენზე, იმ ადამიანებმა, ვისი აზრიც არ გვაინტერესებს. რეალობის გასაღები ხელში გაქვს, მაშინაც კი, როცა ვერაფერს ხედავ. დახმარების ხელს ეძებ სხვებში, მაგრამ მათ არც სურთ და არც შეუძლიათ დახმარება, ვერავინ გიხსნის, სანამ არ გაიაზრებ: ფიქრს შეუძლია იყოს შენი მტერი, რადგან თავად არ გჯერა, რომ ფიქრს, შეუძლია იყოს შენი მეგობარი. დღეს რწმენას ლამპარივით ვანათებ ჩიხებში, ვფიქრობ იმ ქუჩების განათებაც შემიძლია, რომლებსაც არასდროს უნახავთ ლამპიონი, განა იმიტომ, რომ კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალე თამაშით. ვგრძნობ არ ვარ მარტო და მაინც ვაღიარებ, რომ ვერ აღმოვჩნდი მანათობელი. ხედავ დღეს როგორ მიყურებენ? ისევ იზიდავთ ჩემი კიაფი, ვხვდები, რომ შორიდან ყველაფერი ზედმეტად ლამაზად ჩანს, მხოლოდ შორიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი