საყვავილე და გილიოტინა
ვუყურებ გაბზარულ მთვარეს და ვხვდები, რომ მას შემდეგ საერთოდ სხვანაირად აღვიქვამ ნათებებს, რაც ღამით ერთმანეთს აღარ ვწერთ. მოპარულ ძილს ვერ დაგიბრუნებ და ახლა მხოლოდ, ჩემი უეცარი დაბრუნების შიში შემიძლია გაჩუქო. გრძნობ წამით რომ იწვევს ფორიაქს სულში, იმ ადამიანის დანახვა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. თითქოს ამ დროს ვგავართ დაუცველ მწერებს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ არსებობენ. დანაშაული ზოგჯერ უმოქმედობაა და რთულია ამის მიხვედრა. ალბათ თეთრ ხელებში, ლურჯი ყვავილების ნაცვლად, როდესაც თეთრ სხეულზე, ლურჯ ტუჩებს შეამჩნევ, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ აღარაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. ამ დროს ედება უიმედობა სხეულს ხავსივით, რადგან ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, ვიცი, რომ ვფიქრობთ ერთმანეთზე. ადრე თუ გვიან მტვერში გავიბნევი, შიში მხოლოდ სიცოცხლის მქონდა და ეს შევძელი. არამგონია დანაკარგზე დიდი ტკივილი მოჰქონდეს სიკვდილს, რადგან როცა სიარულის დროს, ქარს აღარ მოაქვს შენი სურნელი, ვფიქრობ, რომ დამავიწყდი და ეს განცდა შემზარავია. ისევ ფიქრებს მივყები, გზის ბოლოს კი გილიოტინას ვხედავ. გვერდით პატარა საყვავილე დგას და წამით ვფიქრობ: იქნებ ეს იყოს ბოლო წერტილი. მაგრამ ფიქრები მეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ უნდა ვიარო წინ. წინ... და შემდეგ ქვრება სინათლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი