კონტრაქტი


წიგნით ხელში ჩამძინებია, არა და ვგრძნობდი როგორ დავხეტიალობდი. ვფიქრობ, ზოგჯერ სიზმრებში სიარული სჯობს გარეთ ბოდიალს. როდესაც რეალობის შეღებვა უფრო ძნელი ჩანს ვიდრე სიზმრების, ვიღებ პალიტრას და მივექანები ღრმა ძილში. რეალობისგან გაქცევას ემსგავსება ეს ხეტიალი, რადგან შეგიძლია აკეთო ის, რასაც რეალობაში ვერ ახერხებ. ყოველი შეხება ხშირად იმდენად რეალურია, რომ თითქმის გაღვიძებს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ იმასთან, რაც რეალობაში გაშინებს, მით უფრო ახლოს ხარ გაღვიძებასთან. ამიტომ საჭიროა მაქსიმალური კონტროლი, რომ არ წახვიდე იმაზე შორს, ან რომ არ შეხვიდე იმაზე ღრმად, ვიდრე ეს დასაშვებია. შორიდან ყურებას ცხოვრება გაჩვევს, რადგან ახლოდან იმის ნახვა, რაზეც უკვე წარმოდგენა გაქვს შექმნილი, ხშირად დამანგრეველია. ზედმეტი ფიქრი ყოველთვის ისეთ ბზარებს აჩენს, რომლის ამოვსებაც შეუძლებელი ხდება, ზამთრის სუსხივით, რომ გყინავს შემდეგი აზრი, ხვდები რამდენად შეტოპე, რადგან უკან დასაბრუნებელი წყალიც, გაყინული გეჩვენება. ალბათ ჯობს გაჩერდე, რომ არ მოკვდე, რადგან შიში გაიძულებს გააკეთო სისულელე. იმოძრავო, იხმაურო, იდებატო და ეს ფართხალი იწვევს სიკვდილს. ცხოვრება არ არის თამაში, მაგრამ ჭადრაკის მსგავსად ბევრი ფიქრი ჭირდება საშიშ სვლებს. რადგან ჯერ ვერ ხვდები, მოგვიანებით ასკვნი, რომ შენს ფსიქიკაზე მოქმედებს ყოველი არასწორი სვლა, რომლის შემდეგაც იწყება, გამუდმებით იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, სხვანაირად, რომ წაგეყვანა თამაში. შორიდან სასაცილო ჩანხარ, როდესაც წინ მიდიხარ, მაგრამ თავს მუდამ უკან აბრუნებ, იმის იმედით, რომ დაინახავ იმას, რაც უკვე დაკარგე. 
გზაზე, რომელზეც ყველა ნათება ქვრება, ყველაფერს ეჯახები, ამიტომ, ზედმეტად უფერული გეჩვენება აწმყო. ბინდში ეხვევა მომავალიც, რადგან გაუაზრებლად, ახლოს ხარ კონტრაქტთან, რომელზე ხელის მოწერითაც, აცხადებ მზადყოფნას: იცხოვრო წარსულით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი