განშორება


დღეს ისეთი მუქი ცა ვნახე, შენი ცუდად ყოფნის დროს აკიდებული ღელვა გამახსენა უეცრად. თითქოს წვიმის წვეთები გზატკეცილს ცრემლებივით ეფინებოდა. ზუსტად იმ ცრემლებს მახსენებდა, რომლებიც არასდროს გვსურდა ერთმანეთისთვის გვეჩვენებინა. ეს ფიქრები სამართებელივით მსერავდა და მივუყვებოდი გზას, როგორც დაკარგული მგზავრი. არეული ფიქრებით თავში, ვხედავდი ჩემსავით დაკარგულ ადამიანებს და წამიერად მახსენდებოდა, რომ მათი იმედი დაკარგვამდეც არ მქონდა. უცნაურ დღის ქრონიკას ვერ ქმნი, როდესაც რუტინულად ცხოვრობ, მაქსიმალური სიამოვნების გამოწურვაც შეუძლებელია სიცარიელეში, უბრალოდ სიახლეებს ყლაპავ ტაბლეტებივით, რომელთა მოქმედებითაც თავს აჯერებ, რომ ერთი და იგივე ადგილს არ ტკეპნი. რეალურად გატკეპნილი გზები ისე ცნობენ შენს ნაფეხურებს, როგორც ფეხსაცმლის მწმენდავი, რომელთანაც მაშინ დადიოდი, როცა შენი კულტურა ბზინვარებდა. დღეს ჯიხურებში გაზეთების მაგივრად, უწესობა იყიდება. ხელოვნება იმდენად იშვიათი გახდა, ნაქირავებ ლექსებს ვკითხულობ, იქ სადაც სხეულებს ხურდის ფასი აქვს. ვხსნი სიმძიმის პროგნოზს, რადგან აღარ წვიმს, მაგრამ ფიქრების თავსხმა ისე ანადგურებს რეალობას, როგორც განშორება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი