ფოსტა
უიმედობა მზესავით ანათებდა ოთახს, როდესაც ფოსტასავით მიგროვდებოდა ფიქრები მაშველი რგოლის ძიებაში მყოფს, როგორც ოკეანეში დაკარგული ადამიანი, ყველა ძალას ვუხმობდი, იმისათვის, რომ უბრალოდ მეცოცხლა, რეალურად კი არ ვიცოდი, რატომ მჭირდებოდა არსებობა, სიცოცხლისთვის ბრძოლა ყველაზე დიდ მაზოხიზმად მიმაჩნდა, მაგრამ, მაინც ყოველ ჯერზე ვაკეთებდი ერთი და იგივეს. ანგელოზის ფრთების შრიალმა გამომაღვიძა, დღესაც ისე მიყურებდა ძილის დროს, როგორც მე ვუყურებდი სინათლით ავსებულ ოთახში ჩემს მძინარე მიჯნურს. რამოდენიმე საათის წინ, ტკივილით ჩაძინებული, ყოველთვის თვალების წვით ვიღვიძებ და ვიწყებ იმ ყველაფრის კეთებას, რისი კეთებაც არ მინდა, ამ დროს მებრძოლთა კლუბის ყველა ციტატა ერთობლივად მივლის თავში და ეს ყველაფერი იმაზე მეტად ირონიულია, ვიდრე ჩემი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ყოველთვის ძიებაში ვარ. მე გარშემომყოფების მევალე ვარ, ისე ვემალები, თითოეულ მათგანს და ვიცილებ უხერხულ მისალმებას, როგორც მოქნეულ მუშტს - მოკრივე, ისინი ჩემგან რაღაცის დაბრუნებას ელიან, რაც სამწუხაროდ ფულზე ბევრად ძნელი დასაბრუნებელია, ამიტომ გავრბივარ როგორც ფორესტ გამპი, დიდი წვერით და თეთრი ნაიკის ფეხსაცმელებით. მჯერა, რომ ხედვას კინო აყალიბებს, ამიტომ ცხოვრების კადრები ხშირად ჩემთვის ფილმებთან ასოცირდება. თბილისის ქუჩებს საერთოდ სხვა სურნელი აქვს, მძიმე ჰაერი გხვდება სახეში, გადაადგილების დროს კი ხვდები, რამდენ პრობლემაზე შეუძლია ადამიანს ფიქრი, იმ დროს, როდესაც არაფერზე ფიქრის ძალა არ აქვს. ზოგჯერ ცხოვრება იმაზე დიდი ჰორორია ვიდრე - ლა ლა ლენდი, რაც არ უნდა კარგი მუსიკით გავაფორმო, ყოველდღიურობის ნაცრისფერი კადრები, ყოველი დღე, წინაზე პირქუშია და ამ მარყუჟის გატეხვას ვერ ვახერხებ, ვხვდები, დრო და დრო, უფრო მეტად ვემსგავსები ბილ მიურეის. ღამდება და ჩემს სარკმელთან ისევ მესმის ანგელოზის ფრთების შრიალი, მან ხომ კარგად იცის, რამდენჯერ ავირჩიე ჩემს მხრებზე შემომჯდარ დემონთან ბრძოლაში - ის, ალბათ ამიტომ მანათებს სიყვარულით სავსე თვალებს, მან იცის, ყველა შეცდომის მიუხედავად ვინ ვარ, ამიტომ სწამს ჩემი. ეს სამყაროს ბალანსია, რადგან ადამიანებმა ვერ ირწმუნეს ჩემი, ზოგჯერ არ მჯერა, რომ მარტივად გამიშვეს, დღეს კი გაქცეულ პატიმარს ვგავარ, რადგან სულ ველი, რომ ვიღაც დამიჭერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი