სიცარიელე
ნიავი უბერავს, სივრცე მიჭერს, მზის შუქი ავსებს ოთახს, მცენარეს კი ძაღლივით ყურები აქვს ჩამოყრილი. ვხვდები, მას უფრო ვგავარ ვიდრე, იმ ადამიანებს, რომლებიც გარშემო მოძრაობენ. ზოგჯერ მიკვირს როგორ დაიცალა ხალისისგან დღეები ასე მარტივად, როგორ გართულდა სიამოვნების მიღება იმ წყაროებიდან, რომლებითაც აქამდე ვიკვებებოდი, დღეს ვშიმშილობ, არაფერს ვიღებ, იმდენად არ მჭირდება მორიგ ადამიანებთან უაზრო დიალოგი, როგორც სისხლის მსმელებს ძილი. მუსიკა მუდმივად ტრიალებს ოთახში, თავიდან თავიდან და თავიდან. არ შეიძლება მუსიკის გარეშე ცხოვრება, ხმა ჩახლეჩილი ისევ ვმღერი იმ სიმღერებს, რომელთა ტექსტებიც წლების წინაც ზეპირად ვიცოდი, ხან მახსენდება ადამიანები, ფიქრები მათ თავებს ძერწავენ. სიმღერები რომლებსაც ერთად ვუსმენდით, ფილმები რომლებსაც ერთად ვუყურებდით, სხვადასხვა სახეები, სხვადასხვა განცდები. ზოგი არც მენატრება, ან უბრალოდ ასე ვთვლი, მაგრამ მაინც სიცარიელეს ტოვებენ ის ადამიანები, რომლებიც აღარ არიან. ბევრი რამ იცვლება, ადრე ტკივილები მაღვიძებდა, დღეს მაღვიძარასაც უჭირს ჩემი გაღვიძება, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და აქ იკვეთება, რამდენად საშიში არსებები ვართ რეალურად. დანაკარგი თავიდან ბევრად მტკივნეულია, ნელ-ნელა ხვდები, რომ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას მიეჩვიე. იაზრებ, რომ არაფერია ისე, როგორც ადრე იყო, უფრო უხეში ხარ, ნაკლებად გახარებს ის დეტალები რაც ადრე გახარებდა, მაგრამ, ცხოვრობ, ახალ ნაბიჯებს დგამ, ისევ გაქვს იმედები, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ის, რაც მთელი ცხოვრებაა უკან მიდის. არსად ქრება ტკივილი, თუ ეს ბზარები შენს სულს შეეხო. ეს არ ხდება ყოველ წამს, მაგრამ დღის განმავლობაში, სულ გაგირბენს მოგონება, რომელიც ტკივილს დალექავს შენში. შორიდან რაღაც მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არავინ იცის რა ხდება შიგნით. რამდენმა იდეამ დაამთავრა სუიციდით სიცოცხლე, ნაიარევს ედება სხვისი სველი ტუჩები და ხვდები, რომ ცუდი შამანი ხარ, რადგან არ მოქმედებს ის მკურნალობის მეთოდები, რაც შენს თავს ზედმიწევნით გაუწერე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი