შემთხვევითი შეჯახებები
ძალა წართმეული ცარიელ ოთახში არ დაბადებულ ცრემლებს ვყლაპავდი. ვამჩნევდი რომ ცა უკვე ლურჯდებოდა, მე კი ჯერ ისევ გამოფხიზლებას ვცდილობდი. გარეთ გასვლის ძალას, მხოლოდ მისი ნათება მაძლევდა, რომელიც ყველაზე ბნელ დროს, ჩემთვის ბოლო სანთელივით ელვარებდა. ადამიანებთან საუბრის დროს, ხშირად თავს არაკომფორტულად ვგრძნობ და ზრდილობის წესდების დაცვით, მალევე ვცდილობ მათგან გაქცევას, ამიტომ უამრავი ადამიანისთვის ცუდ ტიპად ვიქეცი. ეს ნაკლებად მადარდებს, რადგან თავის მოჩვენება არასდროს მხიბლავდა და როცა მეკითხებიან თავი ვინ მგონია, მშვიდად ვამბობ რომ - არავინ. გამონაკლისების გარდა მხოლოდ იმ ადამიანებს ვუყვარდები, ვისაც მე ვანიჭებ მნიშვნელობას. სია კი არც ისე ვრცელია. ადრე ვამბობდი, რომ დავიწყება შესაძლებელია, ამიტომ სხვადასხვა ხერხს ვიყენებდი, თითქოს ტომრებს ნაცრით ვავსებდი და მჯეროდა, რომ მზად ვიყავი კედლების დასანგრევად. თუ აკვირდები, მხოლოდ ნაბიჯის გადადგმამდე ვამართლებთ საკუთარ თავს, შეცდომის დაშვების შემდეგ კი ყველამ ვიცით, რომ ქმედება ჩანასახშივე არასწორი იყო. უბრალოდ არ ვაღიარებდით. იყო დრო როცა ვერ ვწერდი, ჩემთვის კადრების გახსენებაც ტკივილის მომტანი იყო. მას შემდეგ არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ ახლა სიტყვები ცოცხლდებიან. არასაამაყო საქმეების შემდეგ, მეც ხშირად ვაკითხავ თბილ მოგონებებს, რომლებიც ცივ ქუჩებს უკავშირდება. ზოგჯერ ეს იმდენად უმნიშვნელო დეტალებია, მგონია რომ მხოლოდ მე მახსოვს. დღეს ჩემი მოსმენა უყვართ, მე კი მისი მოსმენა მიყვარდა, რადგან მას ხშირად შეეძლო, უთქმელადაც ეთქვა ყველაზე ვრცელი წინადადებები. ზოგჯერ ყვითელი ლამპიონების ქვეშ, მის თვალებში დაგროვებულ სევდას წიგნებივით ვკითხულობდი, მაგრამ გულისცემა მეგონა რომ კორპუსებს ესმოდათ, როცა ჩემსავით ხუმრობდა. შუქნიშანზე მწვანე შუქი ენთო, ყველა თავის გზას მშვიდად განაგრძობდა, მხოლოდ ჩვენ ვეჯახებოდით ერთმანეთს შემთხვევით. ყოველი შეჯახება კი ნათურის ციმციმს ჰგავდა, რომელიც ან გამართულად იწყებს მუშაობას, ან ქვრება და ოთახს წყვდიადად აქცევს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი