ამღვრეული წყალი


დილიდან უშენობას ვეწეოდი და ყელი ჩამწვა. 
ახლა ყავას ვსვამ, რომელსაც საშინელი გემო აქვს. 
მზის სხივებიც ისეთი უფერულია, როგორიც ცხოვრება,
მაგრამ სიცივეს მზადყოფნით ვხვდები. 
დახუფული ქილებივით მაქვს ძველი სითბო გადანახული, რომელსაც ვერც ახალს ვამატებ, ვეღარც ვცლი. 
დევს და იმტვერება.
ქაოსური ფიქრები როგორღაც ლაგდება ფურცლებზე ისე, რომ მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, სიჩუმეს სერავს ქუჩის ძაღლების ყეფა, რომლებიც გამვლელ პატარა გოგონას იცავენ არ შემდგარი ხიფათისგან. 
ზოგჯერ მსგავსი მომენტები მაფიქრებს, რომ ზრუნვა ზამთრის ტანსაცმელთან ერთადაა ამოსალაგებელი, რადგან ხალხი ხშირად მიწისქვეშ უფრო თბილია, 
ვიდრე ქალაქებში.
არ მახსოვს, როდის გამეფდა სევდა, მაგრამ ერთი ფერით მოხატულ კადრებს როდესაც ვუყურებ, განცდა მრჩება, რომ ყოველთვის ასე არ ყოფილა. 
ადრე მცირე დეტალებიც მაბედნიერებდა და დღეს ვამჩნევ, რომ ათასობით ადამიანის გვერდით ისევე მარტო ვარ, როგორც მეზობლად მცხოვრები მოხუცი კაცი, რომელიც პირველი სიყვარულის დაკარგვის შემდეგ მხოლოდ ხელჯოხს ეყრდნობა.
თანდათან ასაკობრივი ვნების დუღილიც ცხრება, თითქოს ზედმეტად ადრე, რადგან მახსოვს, როგორ ვგავდი ქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს, ორთქლს რომ ფანტავს და მზადაა მხურვალებისგან დაწვას სხეული. 
ახლა ენერგია გამოცლილი ელემენტივით უბრალოდ ვწერ, მელანქოლიით ვიხსენებ პროცესებს და ბევრი ფიქრისგან გადაღლილი ვხვდები, რომ არც ისე საინტერესოა დამდგარი წყალი, რადგან ვნების სიმძაფრეს მხოლოდ ამღვრეული უკავშირდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი