მწვანე მინდორი
ცაზე ისევ სიხარულის ნაკლებობა შეინიშნება. ველოდები ელჭექს პრობლემების სახით. უკვე რა ხანია, ქუხს ცა, თითქოს სენტიმენტები გადაუღებლად მაწვიმს და სულ დავსველდი. აღარაფრის სურვილით ვაღებ მაცივარს, რომელიც ისედაც ცარიელია, როგორც ჩემი ფიტული. არ ვიცი, საით მივყავარ ბილიკს. უბრალოდ ვაგრძელებ გზას, როგორც დაკარგული მგზავრი. გამიგია, რომ ვისაც გზა დაეკარგა, უფრო შორს მიდის, თითქოს პატარა ამპულაში მხოლოდ ეს სითხე შემომრჩა იმედის სახით, სანამ უკეთესის მოლოდინით შევდივარ ახალ ჩიხში, საიდანაც უკან ვეღარ ვბრუნდები, როგორც გარდაცვლილი ადამიანი. გვიან მივხვდი, რომ ყველა ფრენის მცდელობას დაცემა მოჰყვება, თუ ეს დაცემა სიკვდილად არ გადაიქცევა. ჩემს ირგვლივ მწვანე მინდორია, სადაც ყოველთვის მარტო ვარ. თითქოს ჩემი სულის უხილავ კარებთან დგას ხალხი, რომლებსაც შიგნით არ ვუშვებ, როგორც უხეში დაცვა, რომელსაც ვიზუალზე არ მოსწონს იაფფასიანი თოჯინები, ზოგჯერ ძვირიანებსაც ვამჩნევ, მაგრამ ჩემთვის უკვე სულერთია. მათთვის მე მაინც საღეჭი რეზინივით ვარ, მღეჭავენ და მერე ძირს თითქოს ჩემს მომავალს აფურთხებენ. აქ მხოლოდ ერთი ნაფეხურის კვალია, მაგრამ დღეს ჩვენ სხვადასხვა მინდორში ვსხედვართ, ნაკვალევი კი ერთმანეთს გვახსენებს. ზოგჯერ გახსენება უფრო ძვირფასია, ვიდრე სიტყვები. არაფერი იცვლება, მაგრამ როდესაც გენატრება, ყველაზე დაუცველი ხარ. მხოლოდ საკუთარ თავთან აღიარებ გატეხილობას, ცასავით რომ წვეთავ და არ გინდა წვიმად იქცე, რადგან ცრემლებსაც ფასი აქვს დაკარგული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი