თავბრუსხვევა


ცაზე მილეულ მთვარეს ჰგავდა მორიგი ღამე. ნაბიჯებს ვდგამდი და ვხვდებოდი, როგორ ეკარგებოდა ფერი მის თეთრ ნათებას ლურჯი ცის მორევში. უმისამართოდ დავდიოდი, რადგან ბილეთის ფულიც არ მქონდა, ყოველდღე ძვირდებოდა რეალობისგან გასაქცევი ბილეთები თბილისში და თითქოს ერთი ბედის ქვეშ ვიყავით, სიცივეში მწოლიარე მიუსაფარი ცხოველებიც და ხალხიც. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის არავის ეცალა, ან მე მქონდა ზედმეტად ბევრი დრო ყველასთვის. როდესაც სხვების პრობლემებს ჭრი დიდი მაკრატლით, შენი თავსატეხები ისეთივე გაუგებარი გეჩვენება, როგორც ყველაზე ძნელი განტოლებები. ამ დროს სიყვარულივით მძაფრია ტკივილი, თითქოს გულისცემაც ჰყვება მუსიკის ტემპს, მაგრამ ფიქრების ლაბირინთში დაკარგულს მუსიკის ხმაც ძნელად აღწევს ჩემში და ასე, სმენა დახშული, ვეწინააღმდეგები ქარს, რომელთან ბრძოლაც შავი ღამეების რუტინადაა ქცეული. ზოგჯერ ცივი ქარი ისე მეჯახება, როგორც დაბნეული გოგო სუპერმარკეტში, ყოველი მსგავსი შეჯახება კი შემთხვევით მაბრუნებს რეალობაში. ალბათ შენც გამოგიცდია ან მომავალში გამოცდი, როდესაც დუმილი სრულიად იკავებს ფართობს, ასფალტი მაშინ ხდება ყველაზე ხმაურიანი. სადღაც გულის სიღრმეში იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ ჩემი ფეხის ხმა უნდა ესმოდეს მას. თითქოს ამიტომ არ ვწყვეტდე ბოდიალს ქუჩის ჩიხებში, მაგრამ ხანდახან მეც ვცდები. სწრაფადვე ვიღებ გააზრებული შეცდომების მტვრიან ფურცლებს, რომლებსაც გამუდმებით თან დავატარებ, როგორც შრამს - ტუჩის ჩრდილოეთით. ამ ბილიკებზე ხშირი თავბრუსხვევაც ახალი ჰობივით მივამატე სიას, ხანდახან იმდენად ახლოს ვარ ვარდნასთან ვჩერდები, თვალებს ვხუჭავ და მოაჯირს ვეყრდნობი, ზღვის ქაფივით რომ გაქრეს ფერწასული ლამპიონების არეული გამოსახულებები ყავისფერი თვალებიდან. აღარ მახსოვს, ნებით თუ უნებლიედ ავიღე მივლინება, რომელიც უსასრულოდ გაიწელა. თითქოს ღმერთივით გავედი შვებულებაში, ირგვლივ კი ჩემს არ ყოფნაში სიბნელემ დაისადგურა. დაბრუნება ყოველთვის მერთულებოდა, რადგან როდესაც აჩქარებით მიუყვები დაღმართებს მუხრუჭის გარეშე, ყველაფერი თავისით ხდება. ზედმეტი ფიქრი არ გიწევს, მოვლენები ისე ჩქარა მიედინება შენს თვალწინ როგორც დრო. პაუზა კი ხშირად სიკვდილივით უსასრულო ხდება. 

საფლავებზე სიარულის დროს აზრები თავისით იყრის ფურცლებზე თავს, რადგან მწარე გაკვეთილებივით აყრია მიწა სიცოცხლეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სათქმელი ჰქონდათ. ზედაპირზე ყოველთვის მინიმუმია თავმოყრილი, ქექვას კი იშვიათად იწყებენ დაღლილი ადამიანები. იქ, სადაც ყველა საკუთარ სერიალს იღებს, შემდეგ კი ტელევიზორებში უყურებენ როგორც საპნის ოპერას. მასაში არავის ადარდებს შენი ფესვები. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობდა არც მქონოდა ის სიღრმე, რომელიც პოტენციალივით ჩაიკარგა ოკეანის ფსკერზე. წლები გავიდა ფუჭი სერიებივით, მე კი იმ ადამიანების დაფასება დავიწყე, ვინც ჩემთვის ერთხელ მაინც ჩაყვინთა არარსებულ ოკეანეში. ზოგჯერ ხვდები, რომ მცდელობა გევლინება მხსნელად, რადგან მე მჯერა, რომ ყველას არ შეუძლია მოარგოს გასაღები ჩაკეტილ კარებებს. სასიკეთოდ იშვიათად იცვლება სცენარი, მაგრამ მათი მცდელობები გარწმუნებს, რომ ისინი მზად არიან თვალდახუჭულნი გამოგყვნენ იქ, სადაც სინათლე არც ისადგურებს.
მე კი ისევ ჟიბეში ჩავიდე მწერლის ბეიჯი, რომ ჩემში მხოლოდ ის არ იხილონ, რაც მათ საინტერესოდ ეჩვენებათ. ასე ვქრები თვეები აჩრდილივით და დაბრუნების დროს ვხვდები, ვინ დავკარგე. ზოგი ადამიანის დაკარგვა იმდენად უმნიშვნელოა, სახელების გახსენებაც მიჭირს, ამიტომ ვუშვებ ხელს მარტივად გაუგებრობებს. ისე მშვიდად დავცურავ ბურუსში, თითქოს ყველაფერს ვხედავ, სანამ მწამს, რომ დრო გამოაჩენს, ჩემი ხედვა არ ყოფილა მცდარი. თავს მაღლა ვწევ, მოაჯირს ხელს ვუშვებ, ამ ფიქრებისა და უეცარი თავბრუსხვევისგან გათავისუფლებული, გზას კი ისე ვაგრძელებ, თითქოს არ ვიცოდე, რომ ხვალ ისევ იგივე განმეორდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი