კრავთა დუმილი
ფასდაუდებელია სიჩუმე, როდესაც ისმენ სისულელეებს, აღარ მიკვირს, იმდენად გახშირდა აზრთა სხვადასხვაობა, თითქოს, ერთ ქვეყანაში კი არა, ერთ კონტინენტზეც არ გვიცხოვრია ერთად. ზედმეტად დამღლელია უსმინო ცხვრის ფარას, რომლებმაც დიდი ხნის წინ დაკარგეს თავიანთი მწყემსი, მათ დღეს აღარ სწამთ, რომ მათზე წინ დგას ვინმე, ამიტომ ყველა, ვინც აქამდე იყო არავინ, დღეს თავს, ჩვენზე მაღლა აყენებს. მართალია სატირალია, მაგრამ ზოგჯერ მეცინება, რადგან რეალობა ზედმეტად აბსურდული გახდა. დისტოპიური ფილმია, დღევანდელი თბილისი, ნაცრისფერი და გემოვნებიანი საუნდტრეკებით გაფორმებული სატირა. რომელშიც მთავარ როლებში, ადამიანების მაგივრად კრავები არიან წარმოდგენილნი. კრავები, რომლებსაც მგლის შიშიც აღარ აქვთ, რადგან მათ დღეს სჯერათ, რომ რეალურად მთავარი გმირები არიან, საფრთხეს ისე ვერ აღიქვამენ, როგორც ცხოვრებას, სიყვარულს, ან რწმენას. ღირსების დაკარგვას წარმატებად თვლიან, სანამ რეალური ადამიანები ჩუმად ვართ და შორიდან ვადევნებთ თვალს დიდ ეკრანზე, ამ საშინელ სანახაობას. არ ვიცი, რამდენი დრო გავა, ან რა შეიცვლება, როდის და რა სახით გაჟღერდება სიმართლე. დროებით დალუქულია სიბრძნე, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება, ტყუილების კრებული, ხალხს ეზარება კითხვა, მაგრამ გამონაკლისს უშვებენ და ამ კრებულს მაინც ყიდულობენ, რადგან ზედმეტად კარგი რეკლამა ნახეს ტელევიზორში. დღეს ზედმეტად მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ტაშს არ უკრავენ იმ მასკარადს, რასაც ჩვენი ნების გარეშე ვესწრებით ყოველდღიურად. ძალიან დაბალ ცეცხლზე დგას ჩვენი ნერვები, ამიტომ ზედმეტად ნელა დუღდება პროტესტი, სანამ დრო აქვთ, ჯერ ისევ ტკბებიან რეალობით ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ არაფერი შეიცვლება, ყველა ვინც პასუხი ვერ მიიღო, თავი გამარჯვებული ჰგონია, მაგრამ მათ არ იციან, რომ მოლოდინის რეჟიმია ჩართული, სანამ ყველა ის ადამიანი, არ იპოვის თავის თავს, ვისაც უნდა უსმენდნენ, ვისაც უნდა უყურებდნენ, მათ დრო მოიგეს რადგან, შენელებული კედლის საათით, ძნელად იწურება ყოველი დღე, მაგრამ მოვა დრო და გაიგებენ, როდესაც ენტონი იწყებს საუბარს, მაშინ დუმდება კრავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი