გადამფრენი მტრედები


დღეს დილით აივანზე ვიჯექი და ჩემთან მტრედი მოფრინდა, უცნაური შეგრძნება იყო, სხვა დროს შეიძლება ყურადღება არც მიმექცია, უძილო თვალებითაც ხშირად შევგებებივარ ჩიტების ჭიკჭიკს და ტრავმებით სმენადახშულს მათი ნათქვამი არცერთი სიტყვა არ გამიგია. დღევანდელი დღის სიმძიმის მიუხედავად, ამ მტრედს ჰქონდა რაღაც ისეთი, რითიც ახერხებდა დავერწმუნებინე, რომ აქ შემთხვევით არ მოფრენილა. უცნაურია, მაგრამ ეს მტრედი გამომიგზავნეს, ეს თვითონ მითხრა, რა თქმა უსიტყვოდ, რადგან სიტყვებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს ფასი. ჩვენს გრძნობებს ვეღარ გამოხატავენ ლამაზი წინადადებები, ბევრი ტკივილი და დიდი სიყვარული იმალება იმ სიჩუმეში, რომელსაც სიბნელეში ყოველღამე ვზრდით და ჩვენი სურვილის გარეშე ვუვლით, როგორც ყვავილებს, ყვავილებისგან განსხვავებით კი, ჩვენში არეულად დაგროვილი სიტყვები არ ჭკნებიან. თითქოს სიჩუმით და ტკივილებით ვავსებთ სახლებს, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში არც ვანიავებთ, ბოლომდე, რომ გაუჯდეს კედლებს სიცივე. როდესაც სევდის ზედმეტად დიდი დოზა გექნება მიღებული, ყველანაირი გაქვევის შემდეგ კი მაინც სახლში დაბრუნდები, ზუსტად ამ დროს დაგჭირდება გადამფრენი მტრედი, დარაბების გაღებისთანავე, რომ შენთან აღმოჩნდება, რომელიც უჩუმრად მიიტანს შენს უთქმელ გრძნობებს ადრესატთან. რასაც დიდი ხანი გულში იმარხავდი ის მთლიანად დაიმახსოვრებს. ჩვენ ხშირად ხმის ამოღების გარეშეც, ვფანტავთ სიჩუმეს საშიში ფიქრებით. ზუსტად იმ ფიქრებით, რომელიც დაძინების საშუალებას არ გვაძლევს. არაფერს ვამბობთ და ყველაფერს ვგრძნობთ, მაგრამ მხოლოდ მტრედებმა იციან, ჩვენი დაკარგული სიყვარულის და ტკივილების შესახებ, რომლებსაც არასდროს ბეზრდებათ გადაფრენა, ჩვენი აივნებიდან რამოდენიმე კილომეტრის იქით. ვცდებოდი, რადგან ქარს ვატანდი განცდებს, არ უნდა ებრძოლო თავს, არ უნდა დაკარგო ის, რასაც შენში ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ყველაზე ცუდი სცენარები წარსულს დიდი ხნის წინ ჩავაბარე, ამიტომ ვეღარ მცვლის სიახლეები, ჩემთვის ყველაფერი სულერთია ახლა, იმის გამოკლებით, რასაც უკვე ვგრძნობ, რაც უკვე გავიარე, შევქმენი თუ დავანგრიე, ჩვენი პირადი გრძნობები შეუცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გარემოებები გვებრძვის, მე მჯერა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, ვიცი არ გჯერა ჩემი, მაგრამ მოუსმინე მტრედებს, როგორ ამბობენ, მოსმენილ ამბებს, სიტყვების გარეშე, მათი ფრთების შრიალის ხმა კი ლოცვებივით იფანტება ქარში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი