მაპატიე ღმერთო


მაპატიე ღმერთო,
რომ არ ვლოცულობ ღამით,
ვერ გამოვსწორდი,
სხეულზე იარებს ამჩნევ,
არ მავიწყდები,
არც დღისით, არც ღამით,
სასაცილოა - გიხსნი,
ისედაც, იცი, რომ არის ასე.

შემინდე ღმერთო,
რომ არ მოვდივარ შენთან,
ბოლო დროს თითქოს,
არც ვიცი, რა მჭირს,
ვეღარ ვმეგობრობ,
ანთებულ მზესთან,
განცდა მაქვს, რომ 
დროზე ადრე გავქრი.

ბოდიში ღმერთო,
რომ სტრიქონებს გიწერ,
რადგან საწერად
ვპოულობ დროსაც,
რომ არ ვილოცო,
ამისთვის მიზეზს,
ათასგვარს, ხანდახან,
უაზროდ ვბოდავ.

შემიწყალე ღმერთო,
მე სულ დამაქვს რწმენა,
მაგრამ თავს ხშირად
ძალას ვერ ვატან,
ვფიქრობ, ცხოვრებაში
მომენტი დგება,
როდესაც ტკივილი
იქცევა ძალად.

მომიტევე ღმერთო,
რომ ჩავყლაპე თავი,
ვამჩნევ თავადაც,
რომ აღმოვჩნდი ფსკერზე,
მახსოვს დრო,
სადაც, ჯერ იყო დარი,
მოგების ჟინით,
არ ვთანხმდებოდი ფრეზე.

ვინანიებ ღმერთო,
რომ გავკადნიერდი,
შემეტყო სახეზეც,
ვიცვალე ფერი,
ზოგჯერ, რასაც ვერ
ვამბობდი ვწერდი,
როდესაც ვკვდებოდი,
მე როგორც მწერი.

დავისაჯე ღმერთო,
ყველა ფიქრისთვის,
რომლებსაც არასდროს
ექნებათ ფრთები,
მე ხშირად ვფიქრობ,
გადარჩენისთვის,
რადგან ჯერ ისევ
მიწაზე ვრჩები.

მაპატიე ღმერთო,
რომ არ ვლოცულობ ღამით,
არ მავიწყდები,
მახსოვხარ მუდამ,
მხოლოდ რწმენით და
გატეხილი ნავით,
ვიცი, ოკეანეშიც,
არ მჭირდება რუკა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი