ძველი ჩაიდანი


ძველი ჩაიდნიდან ფრაგმენტებს ვასხამ,
მოგონებები ცხელ ჭიქაში დნება,
არ ვიცი ვახშმად ვნება თუ დამრჩა,
ვჭამ მუდამ იმას რაც ხელში მხვდება.

სინათლე თვალებში ჰგავს ისევ ლამფას,
ხანდახან ინთება, ხანდახან ქვრება,
დღესაც ბავშვობის სარკესთან ვდგავარ
და ვერ ვიჯერებ რა მიქნეს წლებმა.

ისევ ვიხრჩობი პრობლემის ზღვაში
და ვისაც ატანა სურდა ის მიტანს,
მაგრამ სულ ერთი აზრი მაქვს თავში,
თასმებს ქარბუქში ნეტავ ვინ გიკრავს?

კამათელივით ვგორდები ქარში,
არ ვიცი ეს ვის მოუტანს იღბალს,
მე მიყვარს როცა შენ მელი სახლში,
გატყუებ, მე რომ სიმარტოვე მიყვარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი