ფერადი პალმები (სრული ციკლი)
მე ფერად პალმებს ვუყვები შენზე, ისინი ჩემს დარდს იზიარებენ, მიკვირს სიჩუმე და მუდამ ვფიქრობ, ტკივილისგან რომ იღრიალებენ. ვსვამ კითხვებს რადგან პასუხებს ვეძებ, როდესაც ვერ ვწერ, მე მაშინ ვკვდები, დავკარგე ნაშრომი რომელიც ვძერწე, მიკვირს რომ ნათებით სიბნელეს გძენდი. ფერადი პალმები სულ ჩუმად იყვნენ, მაგრამ წყვდიადში არავის ჰგავდნენ, თითქოს შენსავით უჩუმრად იწვნენ და სიჩუმითაც შენსავით მწვავდნენ. ვხედავ კვლავ ცაზე მოცინარ ელვებს, პასუხს არ ველი თუ შენთვის ვფეთქავ, ვიცი უთქმელად შენც ფიქრობ ჩემზე და მე უბრალოდ, მომინდა მეთქვა - როდესაც შენზე ფიქრი ელვარებს, ვგრძნობ სიმაღლიდან როგორ ვვარდები, გისუნთქავ როგორც ძველ მტვრიან წიგნებს, ოთახს კი მოსავს რკინის ფარდები. შენს გვერდით ჰაერს წამებით ვსუნთქავ, ვივსები და თან ვცარიელდები, მე ვგრძნობ რომ შენი თითები მყინავს, როდესაც მწვავ და კანზე მეხები. თითქოს დუმილი უფრო მძაფრია, ვიდრე ხმაური ან განსაცდელი, ახლაც მაშინებს მე შენთან ყოფნა, ასე ლამაზი და საზარელი... სანამ სიბნელე ცეცხლივით მშთანთქავს, მინდა, რომ ბაგე სხეულზე დამცე, მე მიყვარს შენი ზღვისფერი გემო, ყველაზე ტკბილი და ყველაზე მლაშე. ვიცი დაღლილი იხდი და წვები, მე კი უდროოდ სულ შენზე ვფიქრობ, მე არ მჭირდება შენი სხეული და მინდა შენი სული რომ ვიცნო. ღრუბლებს ეცვლებათ თანდათან ფერი, ვხედავ რომ ქუჩა სიბნელეს იცვამს, სულგაყინული სარკმელთან ვთბები, როცა ვუყურებ თუ როგორ გძინავს. ვხედავ სარეცხის თოკზე იარებს, აღარც მივდივარ, აღარც ვბრუნდები, უეცრად იწყებენ ფიქრები ხმაურს, როცა ვხედავ რომ ჩემსკენ ბრუნდები. ვწუხვარ, თუ ისევ მე გაგაღვიძე, სულში თუ ხელებს ვაფათურებდი, მე ისევ ვიწვი ვნებათა ცეცხლში და ცას ბოლავენ საკვამურები... კვლავ ფერად პალმებს ვუყვები შენზე, ისინი ჩემს დარდს იზიარებენ, მიკვირს სიჩუმე და მუდამ ვფიქრობ, ტკივილისგან რომ იღრიალებენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი