აბლაბუდა


მე არ მჯეროდა, რომ გააჩნდა გრძნობებს სიცოცხლე
და ამ სიტყვებსაც დარწმუნებით ფუჭად ვამბობდი,
მაგრამ შენ ჩემში გარდაცვლილი ვნება იპოვე,
იცი, არ მითქვამს, რომ მაშინ შენით გავცოცხლდი.

დღეს სხეულიდან უხილავ შრამს ვეღარ ვიშორებ,
ცრემლიან ფიქრებს ამ დილითაც მზეზე ვაშრობდი,
თითქოს გრძნობები გადაბზარულ ჯამში ვიგროვე,
შემდეგ ის გატყდა და მე უშენობით დავობლდი.

გაცრეცილ კედლებს ნოსტალგია მყარად ეხურა,
ვიდექი ჩრდილში, იმედებს კი ხიდან ვერ ვწყვეტდი,
კვლავ ვიხსენებდი შენი ფრთების ძველ სურათს
და ჩემთან ახლოს დაფრინავდნენ მერცხლები.

იქნებ გიამბო, როგორ მენატრება ის აბლაბუდა,
რომელიც ჩვენ თავებში ერთმანეთით შევქმენით,
რომელსაც გამუდმებით ეხურა ხმაური ქუდად
და უფრო ხმაურობს, რაც მე უშენობას ვეჩვევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი