ბოლო წიგნი


ქუჩის აფთრების კივილი ისმის,
შენ კი ფიქრები კვლავ გამწუხრებენ,
ლამპიონებიც ქრებიან ნისლში,
წყვდიადს ნათებით არ აწუხებენ.
სასახლე თითქოს უკვე მოურთავთ,
უკანასკნელი დამრჩა წუთები,
ვფიქრობ ვეწვიე საკუთარ საფლავს
და მე დღეს უკან არ დავბრუნდები.
სახლები გრძნობენ თუ ქარები ქრიან,
როგორც შენ გრძნობ რომ მე ვერ მოგეშვი
და იწყებ განცდების მინათა ლეწვას,
სანამ კვლავ შიშებს ვაქრობ სტროფებში.
დრო გადაგაჩვევს ფეხით ხეტიალს,
მაგრამ სულ ივლი ფიქრის შორეთში
და შენც დაიწყებ შუაღამით ქექვას
წიგნებად ქცეულ ფიქრთა ტომებში.
მე - მეცვა სხეული, ათასი შრამით,
მთვარე კი ჩემსკენ ზანტად იწევდა,
როცა ვიყავი დამწვარი განცდით,
გული კი ისევ სხვაგან მიწევდა.
მან - ჩაიცვა პიჟამა, დაისხა წყალი,
ხვდებოდა განცდა კვლავ ამძიმებდა,
დაწვა პირაღმა და ფიქრის ალი,
ჩემით წვავდა, მას არ აძინებდა.
ჩვენ - ისევ ერთად ვიყავით ღამით,
რადგან ფიქრები ფანრად ინთება
და ასე ვფიქრობთ წვიმაში, ქარში,
სანამ სხეულები არ გაცივდება.
კვლავ გსურს რომ ძილის ნაკადს მიეცე,
იქნებ ვერ იგრძნო წამით სიცივე,
კადრებად გახსოვს შენ ყველა ვარდნა,
როგორც დამწვარი კანის სიწითლე.
გესმის ქარი რომ კვებავს ქალაქებს
და როგორც ბავშვი ვეღარ იძინებ,
სიზმრები მუქ დღეებს ისე ერევა,
ასფალტივით გრძნობ ხალხის სიმძიმეს.
ცხადში შენც ნახავ სისხლიან იებს,
ბალახს კი სუნი ექნება სისხლის,
ჩაყლაპავ ქუჩის ჟანგიან ჰაერს,
რომელსაც ვსუნთქავთ ყველანი ზიზღით.
ცდილობენ ფასადი გაალამაზონ,
არავის ადარდებს რა ხდება შიგნით,
ვიღაცისთვის ხარ შენ სათამაშო,
მაგრამ ვიღაცის სულ ბოლო წიგნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი