უიარაღოდ
მე ვარ ცოცხალი, ასე ამბობენ, სუნთქვის ნიჭი მაქვს, მეტი არაფრის. ისევ მარტო ვარ და ეს სიმარტოვე, როგორც შენ იცი, ისე აღარ მწყინს. არსებობს ზღვები და მე ვსაუბრობ, როგორც ამ ზღვებში უბრალო წვეთი. რადგან ყოველთვის ვცდილობ რომ გითხრა, უშენობაა სიკვდილზე მკვეთრი. ისევ მტკივა და ისევ მადარდებს, შენთან ყოფნის დროს რაც მადარდებდა. ხანდახან ვფიქრობ, ზოგჯერ უდროოდ, გაყინულ კედლებში რა მახარებდა? მეტად რთულია ამ ლოდის ზიდვა, რომ ვკლავდე განცდებს ჩემში სრულიად, როცა ვიცი, რომ ანათებ ღამე, ჩემში მთები კი შენისლულია. დღეები, როგორც ცელქი ბავშვები, ხიფათებისკენ ხშირად გარბიან. მე კი რად მინდა დღეს ის სამყარო, სადაც რაც მიყვარს, ჩემი არ ჰქვია? ზოგჯერ ცრემლით და ზოგჯერ უცრემლოდ, წარსულზე ფიქრი სულ ცვლის კალაპოტს. და ამ განცდებს მე, რასაც გიამბობ, ხშირად ჩემში ვკლავ, უიარაღოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი