აგრიპნია
- გაიღვიძე? - რთული კითხვაა. - რატომ? - არ მახსოვს. - რას ნიშნავს არ გახსოვს? - ზოგჯერ უბრალოდ მღვიძავს და არ მახსოვს როდის მეძინა. - გუშინ ღამით გეძინა თუ არა, არ გახსოვს? - ვფიქრობ, რომ არ მძინებია. - რას აკეთებდი? - აუცილებელია, რომ რამეს ვაკეთებდე? - თუ არაფერს აკეთებ, მაშინ უნდა გეძინოს. - მეც მინდა, რომ მეძინოს, მაგრამ შენ არასდროს ჩუმდები. - მე მაბრალებ? გუშინ შენთან საერთოდ არ ვყოფილვარ. - შენ სულ აქ ხარ და ცდილობ ბოლო მომიღო. - მე მინდა, რომ სწორად იცხოვრო, რადგან მხოლოდ შეცდომების დროს გახსენდები. - გამუდმებით წარსულს მახსენებ, ან ყურში ჩამყვირი, რომ მომავლისთვის რამეს უნდა ვაკეთებდე. - და რაში არ მეთანხმები? - უბრალოდ მინდა, რომ თავი დამანებო, შენს გამო საერთოდ ვეღარაფერს ვაკეთებ. - გუშინ ღამით მთხოვდი, რომ შენთან დავბრუნებულიყავი. - სისულელეა, მე აღარ მინდა შენი ნახვა. - ჩემს გარეშე არავინ ხარ, სანამ არ მოვედი, შენც გამუდმებით ამას იმეორებდი. - მე არ მიძინია, მაგრამ შენ აშკარად სიზმარი ნახე. - უძილობისგან ვერ აზროვნებ, როდესაც საბოლოოდ დამკარგავ, მაშინ მიხვდები, რომ მე შენ გჭირდები. - ჩემს ქმედებებზე პასუხს თავად ვაგებ, არ მჭირდება შენი დევნა. - როდესაც ტალახში აღმოჩნდები, ისევ მე გაგახსენდები, რადგან ყოველთვის, როდესაც ხელებს ისვრი, სხვანაირად საუბრობ და ერთხელ როდესაც წავალ, აღარ დავბრუნდები. - ზუსტად ეგ მინდა. - ბოლოს წინა შეხვედრა გახსოვს? - არა. - მუხლებზე დაცემული მოხვედი ჩემს კართან, განწირული ხმით ამბობდი, რომ მორიგი შეცდომა დაუშვი. - მსგავსი არაფერი მახსოვს და არც მინდა, მახსოვდეს, რადგან ყველაფრის დავიწყებას ვცდილობ. - იაზრებ რასაც ამბობ? - სრულიად. - მეეჭვება. - ხედავ? ახლა ვცდილობ დაძინებას, შენ კი არ ჩუმდები, გინდა, რომ გამუდმებით რაღაც გამოვასწორო, მე კი შენს გამო სიმშვიდე მაქვს დაკარგული. - გინდა, რომ მიუღებელი გახდეს შენი პერსონა სოციუმისთვის? - არა, მაგრამ, დავიღალე, ამიტომ სულერთია. - არ ვარ დარწმუნებული, რომ საღ გონებაზე ხარ, საერთოდ გახსოვს რა მქვია? - სინდისი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი