ამბავი ფრენის შესახებ
- ჩემთან როდესაც ხარ, შენთვის რა იცვლება? - გულისცემა უფრო ხმაურიანია. - ეგ ჩემი ბრალია? - კი, სხვებთან ჩვეულებრივად მიცემს გული. - იქნებ, ექიმთან მიხვიდე. - სიკვდილის არ მეშინია. - რისი გეშინია? - იმის, რაც უკვე მოხდა. - რაც მოხდება არ გაშინებს? - მეორედ ვერ მეტკინება გული იმაზე მეტად, ვიდრე პირველად. - სიახლეების მიღებას არ აპირებ? - წარსულიც სიახლეა, თუ არ ივიწყებ. - უცნაურია, შენი აზრით რა არის რეალური? - ის რაც დავკარგეთ. - ვეღარ ვიპოვით? (იცინის) - შეცდომებში უნდა ვეძებოთ. - ხუმრობის გარეშე, მართლა რისი გჯერა? - მე მართლა მიყვარხარ. - ვიცი, მეც. - არა, როგორი სიყვარულის არსებობისაც არ მჯეროდა, ეგრე მიყვარხარ. - ეგ როგორია? - აღმოვაჩინე, რომ ის რაც მეგონა არ შემეძლო, ახლა შემიძლია. - ფრენა? (იცინის) - თუნდაც. - მაშინ ალბათ, ჩემს გარეშეც შეძლებ ფრენას. - არა, შენს გარეშე დავეცემი. - უბრალოდ უტრირებ ყველაფერს... - შეიძლება, მაგრამ მხოლოდ შენთან მიმართებაში? - შეიძლება. - ფიქრობ, რომ შენ არ შეგიძლია ფრენა? - არა, არ შემიძლია. - ჩემი აზრით შეგიძლია, უბრალოდ, ზედმეტად ადეკვატურად უყურებ სამყაროს. - ალბათ ეგრე ჯობს. - ვისთვის? - პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. - ოდესმე გიტირია ჩემს გამო? - კი, შენ? - მეც, შენი აზრით ეგ არის სიყვარული? - ალბათ, შენთვის? - ჩემთვის მაინც ის, რომ ფრენა ვისწავლე. - სასაცილო ხარ. - გეთანხმები, მაგრამ, ზოგჯერ ძილის წინ ცრემლები მომდის. - რატომ? - შენ მახსენდები. - ჩემი გახსენება სატირალია? - "სიყვარულის ცრემლები"-ს თეორია არ გაგიგია? - არა. - იმიტომ, რომ მე მოვიგონე. - ვერ ხარ. (იცინის) - ოდესმე მითქვამს, რომ სრულჭკუაზე ვარ? - გინდა, რომ ვერ იყო? - საგიჟეთში ექთნებს თავი პაციენტებზე ჭკვიანები ჰგონიათ. - მერე? - ექთანი ვერ იქნება ნაპოლეონზე ჭკვიანი. - სულ ხუმრობ. - ზოგჯერ, ხუმრობაშია ჭეშმარიტება. - პაულო კოელიო? (იცინის) - ხედავ? შენც იფიქრებ ხუმრობებს, მაგრამ მე მომავლის შიშით ნაკლებად მეცინება. - შიში არ გეტყობა, შენს ხელში ყველაფერი არასერიოზული ხდება. - ნიჭია, შენ რატომ ხარ სერიოზული? - შენი აზრით სერიოზული ვარ? - კი, შენ ფრენა არ შეგიძლია. - იქნებ დრო მჭირდება... - არამგონია, დროის გასვლის შემდეგ, ვადა იწურება. - მაშინ, შენ უნდა მასწავლო... (იცინის) - ფრენა არ ისწავლება. - კი მაგრამ, შენ ხომ დაფრინავ? - მე შენს გამო დავფრინავ, შენ სხვის გამო დაიწყებ ფრენას. - ეგ როგორ? - დრო გავა და მიხვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი