ამბავი ჟოლოს ჩაის შესახებ
- ჟოლოს ჩაის არც სიტკბო მოაქვს, არც სიმჟავე. - მაკოცე და ტკბილი გახდება. - შენ, რომ არ იქნები, არც სიტკბო უნდა ჰქონდეს და არც სიმჟავე? - მე, რომ არ ვიქნები, ცხადია სიმჟავე გაიმარჯვებს. - შენ ხუმრობ, მაგრამ ჩემთვის პრობლემატური საკითხია. - ჟოლოს ჩაი? (იცინის) - რა გაცინებს, მართლა ვამბობ. - მაშინ ლიმონიანი ჩაი დალიე, ჰო გიყვარს. - ჟოლოს ჩაის დალევა როდესაც მინდა, ლიმონიანი ჩაი დავლიო? - თუ გინდა საერთოდ არ დალიო. - მინდა, უბრალოდ ჟოლოს ჩაი, რომელსაც ჟოლოს გემო ექნება. - სხვა ვიყიდოთ. - რამდენჯერ ვიყიდეთ ახალი, რომ ძველი გემო დაგვებრუნებინა, მაგრამ ყველა ასეთია. - და რატომ აიტეხე ჟოლოს ჩაი? რომელიც გემრიელია ის დალიე. - აშკარად არ გესმის პრობლემის სიმძიმე, მე როდესაც შენთან სექსი მომინდება, სხვა ქალთან წავიდე? - მე ვარ ჟოლოს ჩაი? პირდაპირ მითხარი რა გინდა. - რაც მიყვარდა ფუჭდება და შენ რას მირჩევ, რომ შევცვალო? - ეს საუბარი ჩემზეა თუ ისევ ჩაით გამოწვეულ კრიზისზე? - ჩაი არაფერ შუაშია. - გასაგებია, ესეიგი ჩემზეა. - თუ რაც მიყვარდა კარგავს გემოს, გეკითხები, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება? - ჩემი აზრით, ჩემი ტუჩები ისევ გემრიელია. - გასინჯე? - რა გინდა? - მე მინდა, ის ჟოლოს გემო, რომელიც მიყვარდა. - მგონი პრობლემა შენშია. - სიყვარული პრობლემების გარეშე ვერ იარსებებს. - შენი და ჟოლოს ჩაის სიყვარული? - სამწუხაროა, რომ ვერაფერს იგებ. - სისულელეებზე დარდობ. - ჟოლოს ჩაის რომელსაც ცხელს ვსვამდი, ბოლო დროს სულ ცივია, აღარ არის გემრიელი და ვფიქრობ, ხვალ, რომ ამ სახლში აღარ ვიყო, ჩემს მაგივრად სხვაც გააკეთებს. - აღარ გიყვარვარ? - მე მიყვარს, ის ძველი გემო, რომელიც აღარ გაქვს. - მაშინ დამშორდი. - შენი აზრით მარტივია? - როდესაც სიყვარული ქრება, ალბათ მარტივია. - მარტივად მთმობ და ამაზე მაქვს საუბარი. - შენ აღარ გიყვარვარ. - ზედმეტად შეიცვალე და მე მიყვარს, შენში ის ადამიანი, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ არ შემიძლია გადაგიყვარო. - დღეიდან მოგიწევს, როდესაც ჟოლოს ჩაი მოგინდება, ლიმონიანი დალიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი