33 დღე


არ მახსოვს როდის გარდავიცვალე. ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის, მაგრამ, ვერავინ მამჩნევს, ჩემი არავის ესმის. აღარავინ ტირის, ვნახე როგორ დაშრა ცრემლი მათ თვალებში, ყველა ცდილობს მარტივად დამივიწყოს, რადგან ჩემი გახსენება ტკივილის მომტანია. ირონიულია, რომ სიცოცხლეშიც ასე იყო, ზოგჯერ არაფერი იცვლება. ვიღაცის ცხოვრება მაშინ შეცვალე, როცა გაიცანი, ვიღაცის კი მაშინ, როცა დაგკარგა. არ იყო მარტივი, მეყურებინა თუ როგორ მაყრიდნენ მიწას, თვალებით ვეძებდი სახეებს, რომლებიც ბოლო გზაზე არ მაცილებდნენ. წარმოვიდგინე, რამდენად უმნიშვნელო ვიყავი მათთვის, მოვალეობის მოხდის მიზნითაც კი, არ მოვიდნენ. მათზე ვერასდროს ვიტყვი, რომ დიდი ტკივილის გამო, ვერ შეძლეს მოსვლა, ვიცი, ასე არასდროს ვყვარებივარ. ასე მხოლოდ მე მიყვარდა ხოლმე. მაგრამ იმედიც მომეცა, ისეთი ადამიანებიც შევამჩნიე, მათი ხილვა, რომ გაგაოცებს. სიკვდილი ძლიერი რამეა, მტერსაც გაცოდებს. ატირებული მშობლების ხილვაზე უარესი, რა შეგიძლია ნახო, ძნელი გასახსენებელია. შეიძლება გინდოდეს კიდეც სიკვდილი, მაგრამ ამ კადრის ხილვამ გადაგაფიქრებინოს. როგორც ფილმებშია, რამდენჯერმე ვცადე ვინმეს შევხებოდი, თითქოს რაღაცას გრძნობდნენ, მაგრამ არა შეხებას. უფრო უხილავ სიახლოვეს დავარქმევდი, რასაც სიცოცხლეშიც განვიცდიდი. როდესაც მიყვარდა ადამიანი, რომელსაც ვეღარ ვეხებოდი, თითქოს სულ მასთან ვიყავი, მაგრამ ის აღარ იყო ჩემთან. ყველა ფილმში სულები დახეტიალობენ, მეც მინდოდა ვყოფილიყავი პატრიკ სვეიზი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში უცნაური რამ მოხდა, სადაც იყო სხეული, იქ ვიყავი მეც. თავიდან სახლში, შემდეგ კი სასაფლაოზე. დაკრძალვის დღეს წვიმდა, მხურვალე ცრემლებმაც დაასველეს მიწა, მაგრამ ბოლოს სულ მარტო დავრჩი. ცივი ქვასავით ძლიერად ვიდექი, საერთოდ არ მეშინოდა. ზოგჯერ უცნაური ხმები მესმოდა. 33 დღე ვაკვირდებოდი გამვლელებს, ბევრი სტუმარი მეწვია ახალ სახლში, ისე მალე გავიდა დრო, როგორც გითხარით, ჩემ დანახვაზე გუბეც აღარ ჩნდებოდა, მეგობრების თვალებში. მივხვდი, რომ ტკივილი მხოლოდ რამდენიმე დღეა ძლიერი, შემდეგ ყველა უშენოდ ცხოვრებას სწავლობს. ზოგჯერ ველოდებოდი იმ ადამიანების მოსვლას, ვისი დანახვაც გამიხარდებოდა, მაგრამ ისინი, არასდროს ჩანდნენ ჰორიზონტზე. მხოლოდ ერთი გოგო დადიოდა ყოველდღე, რომელიც ჩემ ლექსებს ხმამაღლა კითხულობდა, მას ცრემლი ახრჩობდა, მე კი ყველაფერს ისე მძაფრად ვგრძნობდი, მიჭირდა იმის დაჯერება, რომ მკვდარი ვიყავი. მინდოდა მსგავსი სიყვარული ცხოვრებაში შემეგრძნო, უსამართლობის განცდა მტანჯავდა, რომ ეს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შევძელი. ყოველი დამშვიდობების დროს ქვას კოცნიდა, მე კი მიყვარდა ის კვალი, რომელიც ქვაზე რჩებოდა. ერთ დღეს როდესაც მოვიდა, იმაზე ლამაზი მომეჩვენა, ვიდრე სხვა დღეებში იყო, თავისი წიგნაკი ამოიღო ჩანთიდან და ისევ ლექსის კითხვა დაიწყო, რაც მქონდა ყველა ძალა მოვიკრიბე, როგორმე მინდოდა მისთვის მენიშნებინა, რომ ყველაფერს ვგრძნობდი, მინდოდა უბრალოდ ჩემი შეხება ეგრძნო. ამ დროს უეცრად გავიგე განწირული კივილის ხმა, ერთ წამში ამოტრიალდა სამყარო და  დატრიალდა ქაოსი, ვიგრძენი, რომ თვალებიდან ცრემლი წამომივიდა, ყურებში კი გარკვევით მესმოდა მხოლოდ ორი სიტყვა, რომელსაც ყველა ხმამაღლა, ცრემლნარევი ხმით ღრიალებდა. - თითი გაამოძრავა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი