67 დღე
ღამის 10 საათი იდგა, სახლში მარტო ვიყავი და ბავშვობის მეგობრებს ველოდებოდი. არ ვიცოდი წინ რა მელოდა, ამიტომ ზედმეტად აღტკინებული ვიყავი, რადგან დალევას ვაპირებდით. დიდი ხანია შინაურები არ მინახავს, მითუმეტეს არ დამილევია. როდესაც შენ ცხოვრებაში დამოკიდებულება ჩნდება, ყველაფერს გაშორებს. ზომიერად ჩემი აზრით ყველაფერი შეიძლება. მაგრამ პრობლემაც ეგ არის, რომ ყველაფერი უნორმო მიყვარს. ის რაც ძლიერია, ის რაც მიღვიძებს განცდას, რომ ისევ ცოცხალი ვარ. გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, სიყვარულსაც კი ფერი აქვს შეცვლილი, დღეები რომლებიც ერთმანეთს ჰგავს, გინდება სიგარეტის ბოლო ღერივით ჩაწვა საფერფლეში. როგორმე იქნებ გაექცე იმ ერთფეროვნებას, რომელიც ბოლოს გიღებს. ყველაფერს იაზრებ, შენთან ყველაფერი ზედმეტად ახლოსაა, ამიტომ ცდილობ თავი ყველა მძიმე ფიქრისგან შორს დაიჭირო. დროებითი გაქცევის გეგმა კი კანონიერ შემთხვევაში, ზედმეტად მალე გაბრუნებს დანაშაულის ადგილზე, ამიტომ მე, ხშირად არაკანონიერ გზას ვირჩევდი. მაგრამ კიდევ კარგი შევეშვი. საუბარი მარტივია, ვყვები ამ ყველაფერს, რაღაც მხრივ ვიცლები კიდეც. ზოგჯერ შეშვებაზე დიდი კაიფი გამოშვებაა. ეს ყველაფერი, რაც ჩვენში გროვდება, სულ თუ გულით ატარე გაგიჟდები, აბა რა იქნება. მერე ხან სად ეძებ ხსნას, ხან სად, ამიტომ ვიღუპებით თბილისში მწერებივით. სინათლეს ვეძებთ და სიბნელეში ვკვდებით. ირონიულია არა? ბოლო დროს მირჩიეს ჩანაწერები გააკეთე, რასაც განიცდი ყოველდღე დაწერეო, მეც ვწერ, თორემ, მე რომელი მწერალი ვარ აბა? წიგნები, რომ მეკითხა, ამ ყველაფერზე საუბარი, უეჭველი ვიცი არ მომიწევდა. მგონი ბიჭები მოვიდნენთქო, ერთი გაფიქრება, კი ვიფიქრე, სადარბაზოში რაღაც ხმაური მომესმა. თურმე ერთი ბარიგა მოხსნეს ადგილიდან და შედგა მთელი სამეზობლო. ყოველდღე რაღაც მსგავსი ხდება, ვცდილობ ზედმეტი არ ვიფიქრო, ეგ თემები, მე უკვე არ მეხება. ამასობაში აივნიდან ბიჭებიც დავლანდე და დავუძახე, რომ - კარი ღიაა, ამოდით-მეთქი. შემოლაგდნენ ტალახიანი ფეხსაცმელებით, ეგ წიკები მე არ მაწუხებს, მაგრამ ბებიაჩემი ამის გამო, შავ დღეს დააყრიდა ორივეს. არ მესიამოვნა ამათი სახეები, რაღაცნაირად ეჭვი, რომ შიგნიდან გჭამს, ვერ ვისვენებდი. ფერდაკარგულ სახეზე ეწერათ, რაღაც რიგზე ვერ იყო. ვკითხულობ რა ხდება და ვითომ არაფერი. რაღაცას მიმალავენ, ესენი რას მომატყუებენ? ჩემ თავს არ ვიცნობ ისე, ამათ, რომ ვიცნობ. მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული და ამოღერღეთ რა ხდება, ერთად მოვაგვაროთ-მეთქი. ცივი ოფლი მოიწმინდა გაფითრებულმა ტერამ და ამოღერღა - ის ბარიგა, ჩვენთან იყო ფაქტის დასადებადო. მუდომ ისე გამომხედა, შემორტყმას ხო არ გვიპირეპსო, ტვინში გადახარშა. თვალებზე ბინდი გადამეკრა. მეც ოფლიანობამ ამიტანა. ჩხუბი არ დავაკელი, მაგრამ ეგ რას უშველიდა ჩემს საქმეს. გაოცებულები მიყურებდნენ, უეცრად ტაშის დაკვრა დავიწყე. გამაგიჟეს. ამ გზაზე ხვდები, რომ რამდენჯერაც ცდილობ სწორ გზაზე დადგე, ისევ უკან გაბრუნებენ, ისევ ჭაობში გითრევენ. არავინ შენზე არ ფიქრობს, მხოლოდ ისინი არიან ცუდად. ასე ამბობენ. სად ვიყავი, რაზე ვფიქრობდი და სად ამოვყავი თავი? შემდეგ კადრში ვხედავ, ჩემი ორი ძმაკაცი, ჩემ თვალწინ იკეთებს წამალს, ჩემ სახლში. 67 დღეა ფხიზელი ვარ, მეგონა, რომ აღარასდროს გავიკეთებდი კი არა, საერთოდ აღარ გავიფიქრებდი წამლის გაკეთებაზე. რამდენიმე გინება ისევ იარაღივით გავისროლე მათი მიმართულებით, ჩემ თავს ვეჭიდავე, ცოტახნით დასამშვიდებლად კი აივანზე გავედი. ბრაზი ბოლო ყლუპი წყალივით გადავყლაპე, ყველა დაპირება და ფიცი გავიხსენე. რამოდენიმე წამი მძიმე თვითგვემაში გავათრიე და მაინც გავიკეთე. უკვე კაიფში ვარ. ისევ იქ ვარ, საიდანაც დავიწყე, ყველაფერი წყალში ჩავყარე და არც ვნანობ, თითქოს ფრენა შემიძლია. თითქოს ყველაზე მსუბუქი ადამიანი ვარ. წარმოიდგინე ტელეფონი გიდევს ჯიბეში, შემოსულ ზარზე კი ვიბრაცია არ წყდება, ტელეფონი სულ რეკავს და რეკავს, ჯიბის მაგივრად კი მთელი სხეული ვიბრირებს. ხვდები რა სასიამოვნოა? ნაზად ვხუჭავ თვალებს, ბრაზიც მივლის, თითქოს ეს ჩემი ბოლო ღამეა და საერთოდ არაფერი მაწუხებს. ყველა ტკივილი გაქრა, ყველა პრობლემასთან ერთად. მაგრამ ოთახში სრული სიჩუმეა, კაიფის დროს ყველაფერი მალე იცვლება, უცებ მივხვდი, რომ მოვწყდი რეალობას და ვერ ვმოძრაობ, ვერაფერს ვამბობ, ამის გაელვებაზე კი პანიკამ ამიტანა. ყვირილი დავიწყე. - მიშველეთ! - ჩემი ყვირილიც არ ესმით, - მიშველეთ! ბოლო ძალით ამოვიკვნესე, მივხვდი, რომ ხმას ვკარგავდი, მაგრამ მგონი ეს ხმა, უკვე გაიგეს. თვალები დახუჭული მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ წყალს მასხამენ, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. - მიშველეთ - უკვე გულში ვიმეორებ. არ მინდა ყველაფერი ასე დამთავრდეს, ყველაფერს გამოვასწორებ, დღეს თუ გადავრჩი ხვალიდან, სასმელსაც აღარ გავეკარები. ყველა ფიქრი ერთიანად მომდიოდა თავში, მინდოდა მელოცა, ღმერთო დღეს გადამარჩინე-მეთქი, ბოლო სიტყვებს უკვე ლოცვისთვისაც ვეღარ ვპოულობდი. როდესაც გავიგე - მკვდარია. - მკვდარია, გაიპარა, წავედით... მაგრამ მე, ცოცხალი ვიყავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი