ნესტი
კოშმარებს გავექეცი და გაღვიძებისთანავე საწოლიდან ფეხი სველ იატაკზე დავდგი, ასე ხდება, როცა წყალი გაქვს შემდგარი. კარადიდან უარყოფითი თვისებები გადმოვყარე. ჩავიცვი და წასასვლელად მზად ვიყავი. ნესტისგან შენობა ინგრეოდა. თავი უნდა დამეღწია, რადგან სახლში უმოძრაოდ გაჩერება თვითმკვლელობას ჰგავდა. წყლის წვეთები მეცემოდა, მაგრამ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ძნელია დაგეგმო მოგზაურობა, როცა არავინ გელოდება. ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა, ვფიქრობდი, ვემზადებოდი, მივდიოდი კარის ზღურბლთან და ნაბიჯს ვერ ვდგამდი. მეშინოდა, ამიტომ უკან ვბრუნდებოდი. თავზე ჭერი მქონდა, არ შემეძლო მეთქვა უარი სახლზე, რადგან სასწორის მეორე მხარეს, ვერაფერს ვხედავდი და მიკვირდა, როგორ წონიდა, არაფერი ყველაფერს. სასწაულების არ მჯეროდა, სანამ თვალით არ ვიხილავდი, ზოგჯერ, ხილვაც არ იყო საკმარისი. გვიან მივხვდი, რომ ყოველთვის, ყველაფრის ახსნა არ არის საჭირო, როდესაც ბევრს მარჩიელობ, მაშინ ცდები, რადგან უბრალოდ უნდა გწამდეს ის, რასაც ვერ ხედავ. ამ ფიქრებმა თითქოს სინათლე მოჰფინა ჩემს გზას. ვიფიქრე, რომ დღეს ბოლო დღე იქნებოდა სახლში, სველ ჩემოდანში ყველაფერი უკვე ჩალაგებული მქონდა. მხოლოდ ერთი ღამე დამრჩა, ხვალიდან მე ვიქნები სამყაროს ნაწილი, რომელსაც არ ვიცნობ და რომელიც მაინტერესებს. დაუჯერებელ ბედნიერებას მგვრიდა, ყოველთვის იმაზე, ფიქრი, რომ სხვანაირად ცხოვრება შემეძლო. ფიქრებს ჩაძინებული მგზავრივით შორს მივყავდი. ცა გამუქდა და დასაძინებლად მოვემზადე. საწოლი სრულიად სველი იყო, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვიყავი, პრობლემას აღარ მიქმნიდა, ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად ვეჩვეოდი, ეს კი ხვალიდან ასე აღარ იქნებოდა. უეცრად მოსულმა იმედის ნაპერწკალმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, მალევე ჩამეძინა. იმ ღამეს კი, სახლი დაინგრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი