ძველი სახლი


ცხრა სართულიანი საბჭოთა კორპუსის ერთ პატარა სახლში - მარტო ვცხოვრობდი. ღამით გარეთ გასვლის დროს, სახლში სინათლეს ყოველთვის ანთებულს ვტოვებდი. მიყვარდა გარედან მხოლოდ ერთი ნათების ხილვა, რომელიც მე მეკუთვნოდა. შავ ფანჯრებში წარმოვიდგენდი, რომ არავინ ცხოვრობდა, იმ ერთ განათებულ სახლში, რომელსაც შორიდან ვუმზერდი, თითქოს ჩემი სხვა ცხოვრება თამაშდებოდა. ისეთი როგორიც მსურდა და არა, როგორშიც ვცხოვრობდი. ხარბად ვუყურებდი განათებულ ადგილს, რომელიც თავშესაფრად მეჩვენებოდა, მაგრამ ერთ ღამეს ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. უეცრად სახლში, დავინახე ქალის ანარეკლი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს ცოლს. შიშმა ამიტანა. თითქოს ჩემი გარდაცვლილი მეუღლე სახლში დადიოდა. ეს ყველაფერი კი არაფრით ჰგავდა ზმანებას. კიბეებზე სწრაფად ავირბინე, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ სახლში ჩემს გარდა აღარავინ ცხოვრობდა. კარები გავაღე და ოთახში ზუსტად ისეთი სიცარიელე დამხვდა, როგორიც დავტოვე. ძალა გამომეცალა, დაბლა ჩამოვედი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ისევ ავხედე დარაბებს. სახეს ზუსტად ვერ ვარჩევდი, მაგრამ ქალი, კვლავ ფანჯრიდან მიყურებდა. გავფითრდი, ვიფიქრე, რომ შევიშალე. სხეულში სიმხურვალემ დამიარა და გავიქეცი. თითქოს სიზმრიდან გამორკვევას ვცდილობდი, რამდენიმე დღის შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და დავბრუნდი. კიბეები ნელა ავიარე და ყავისფერი კარი შევაღე, სახლში ძველი წიგნების სუნი იდგა, სარკეებზე კი ნაჭრები იყო ჩამოფარებული. ცენტრში მხოლოდ ერთი სკამი დავდგი და დაღამებას დაველოდე. როგორც კი სამი საათი შესრულდა, შუქი ავანთე და კიბეებზე ჩქარი სვლით ჩავირბინე. ოდნავ მოვშორდი კორპუსს და ზემოთ ავიხედე. ყველა ფანჯარაში შუქი ენთო, მხოლოდ ჩემი სახლი იყო ჩაბნელებული. აღარც ქალის კვალი იყო, აღარც ჩემი. სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა და მივხვდი, რომ მეც სამუდამოდ დავხუჭე თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი