ირმების წვეულება
ვხედავ, რომ სიარულის დროს ორი ირემი დამყვება. მამრი უფრო ძლიერია, მუქი შეფერილობა აქვს და ხშირად აგრესიულია, მდედრს კი ლამაზი თეთრი კოპლები აქვს, ბევრად ნაზი და მშვიდია. სულ მახსენდება, როგორ დავყვებოდი ბავშვობაში მამაჩემს სანადიროდ. მწვანე ფოთლები წითლად იღებებოდა, მე კი არაფრის მეშინოდა. ისე გავიზარდე, ამ ასაკამდე არაფერს შევუშინებივარ, მაგრამ დღეს ისინი თვალს არ მაშორებენ, სახლშიც კი, ყოველღამე მათ ვხედავ. გონებაში მათი ჩლიქების ხმაც მესმის, თითქოს იატაკს ბზარავენ. არაფერს ეხებიან, სულებივით გადაადგილდებიან და თანდათან ვხვდები, რომ ზღვარზე ვარ, თითქოს თვალებში ჩახედვისთანავე მანადგურებენ. ვერავის ვესაუბრები, რადგან არ მინდა, გიჟად ჩამთვალონ. ზოგჯერ ფანჯრიდან გახედვის დროს სიბნელეში თეთრ კოპლებს მთვარე ანათებს. ირმები თითქმის არ ჩანან, მაგრამ მათი თვალები მაინც ელავენ. ყოველდღე ვფიქრობ, რა მოვუხერხო. ისინი აჩრდილები არიან, გამჭვირვალეები, მათთან ბრძოლა ჩემთვის ქარის წისქვილთან ბრძოლას ემსგავსება. ადრე ხშირად დავდიოდი ხის ქოხში. მიმქონდა ჩემი ძველი თოფი და გასართობად ვესროდი ფრინველებს, თითქოს ასე ვმშვიდდებოდი. ის განცდა, რომ მათი სიცოცხლე ჩემს ხელში იყო, ვნებით მავსებდა. პირველად სწორედ მაშინ შევამჩნიე ისინი. სწრაფად ამოვიღე მიზანში, მაგრამ არცერთს ტყვია არ მოხვდა, აქედან გავიგე, რომ მათი მოკვლა შეუძლებელია. ბავშვობაში ერთ-ერთი ნადირობის დროს პატარა ირემიც მომიკლავს. მისი ტყავი კი დღესაც კედელზე მაქვს ჩამოკიდებული. იმდენად შევიშალე, ხანდახან მგონია, რომ მისი მშობლები არ მაძლევენ მოსვენების უფლებას. როგორც კი ძილს გადავწყვეტ, მგონია, რომ რქებით კაწრავენ კედლებს. თავში მხოლოდ საშინელი აზრები მიტრიალებს, მაგრამ მათ ვერ მივცემ გამარჯვების უფლებას. ვიცი, რომ არსებობს გზა, რომლის სისრულეში მოყვანაც საბოლოოდ დაასრულებს კოშმარულ ზმანებას. არ ვიცი ზუსტად რამდენი ხნის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს გაჩნდა ნაპერწკალი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ცეცხლის დასანთებად. წამოვხტი და თვალი შევავლე კედელზე ჩამოკიდებულ პატარა ტყავის ნაგლეჯს. გამახსენდა, როგორ ატყავებდა მამაჩემი მას. გვერდით ძველი თოფი ეკიდა, რომელიც ჩამოვხსენი. გარეთ შემზარავი სიჩუმე იდგა. მხოლოდ ჩემს თავში ისმოდა მგლოვიარე ქალების ტირილის მსგავსი ხმა და საბოლოოდ გადავწყვიტე მასკარადი დამესრულებინა. ისინი გარეთ იდგნენ, მე კი ხმამაღლა, შეშლილივით გავძახე ფანჯრების მიღმა არსებულ სიცარიელეს, რომ არაფერს ვნანობდი. სიჩუმე იმ წამსვე სროლის ხმამ გაფანტა. ირმების წვეულება კი დასრულდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი