სომნამბულისტი


ღამის სილურჯე მისი თვალის უპეებს ჰგავდა, როდესაც მე ვიძინებდი, ის კი ჩაიდანთან იდგა, ყავის ჭიქით ხელში. იცოდა, რომ ძილში დავიწყებდი სიარულს, ამიტომ ამისთვის ემზადებოდა. მახსოვს, როდის დავიწყე ძილში სიარული. ნაცრისფერი დღეების კრებულის კითხვა იმდენად მქონდა მობეზრებული, რომ ამ სამყაროდან გაქცევას ყველანაირი ხერხით ვცდილობდი. უკვე საჭმელივით მეჩხირებოდა ყელში ყოველდღიურობა. თითქოს სიზიფეს მსგავსად, ზურგით ლოდი ამქონდა მთაწმინდაზე. როდესაც არაფერი იცვლება, ყველაფრის ხალისს კარგავ, თითქოს გეძლევა დრო, რომელიც არ გჭირდება. თვალებზე მუქი ღრუბელი მეკიდა, წვიმა კი ცრემლებად მდიოდა. ვხვდებოდი, რომ ჩემს მცდელობებს აზრი ჰქონდა დაკარგული. არსებობის აბებს წყალს ვაყოლებდი და დღეებს ისე გაჭირვებით ვატარებდი, როგორც უბორბლო მანქანას. ხშირად ვაცეცებდი თვალებს და ვერ ვიტყვი, რომ სიახლეს არ ვეძებდი, მაგრამ ზოგჯერ ის, რისი პოვნაც ძალიან გინდა, შენგან უფრო შორს რჩება, ვიდრე ღმერთი. ამიტომ ისე მივუყვებოდი ქუჩებს, თითქოს ეს ფიქრები თავში არ მიხურდა. ზოგჯერ კი სიმძიმის მოსახსნელად სხვადასხვა იაფფასიან გზებს მივმართავდი. ადამიანებს მოვწონდი, მაგრამ სიყვარულისთვის ვერავის ვიმეტებდი, რადგან ჩემს თავს კარგად ვიცნობდი.

ერთხელ უცხო ადამიანისგან შავი აბი ვიყიდე, მთვარის მსგავსი ფორმით მედო ხელის გულზე, დამაჯერებელი რეკლამის მსგავსად დილერმა მითხრა, რომ ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა, მე კი სხვა არაფერი მადარდებდა, ამიტომ დაღამებისთანავე ცარიელი ჭიქა წყლით და ცხოვრების შეცვლის იმედით ავავსე, მერე კი აბი უგემურად გადავყლაპე. თითქმის ვერაფერი ვიგრძენი, არც ვიცოდი რა უნდა მეგრძნო, მაგრამ მალევე ჩამეძინა. დღეები გავიდა და ცვლილება არ შემიმჩნევია, ამიტომ ეს ამბავი თითქმის დავივიწყე, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, ტანზე უცნაურ შრამებს ვამჩნევდი და ვერ ვიხსენებდი, საიდან შეიძლებოდა მქონოდა. ხან ჩალურჯებები მიმუქებდა კანს, ხანაც წითელი ნაკაწრები მეტყობოდა ტანზე. დრო და დრო ენერგიის მატებას ვგრძნობდი და ჩემს გაცრეცილ ცხოვრებას ფერები ემატებოდა. ვიცოდი, რომ წარსულთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ჩემი მუქი ცხოვრების გამო გავურბოდი, ახალი პალიტრით ხელში კი გადავწყვიტე, დამებრუნებინა ის ადამიანი, რომელიც რეალურად მიყვარდა ძველ დროს. მას შევხვდი, ვისაუბრეთ და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი კოშმარი.

ყველა პრობლემაზე საუბრით, რამდენიმე საათი მარტივად, ყავის მსგავსად გადავყლაპეთ, შემდეგ სახლში წავედით. მახსენდებოდა, რომ სოფიას ტანზე არსებულ ხალებს ყოველთვის ფილმებივით ვუყურებდი. არაფერი შეცვლილა, მალევე დავიქანცეთ და ჩაგვეძინა. გაღვიძებისთანავე ჩემს თვალწინ კოშმარული კადრი გადმოიღვარა, მისი თეთრი სხეული დასახიჩრებული იყო. შოკირებულმა ვკითხე, რა მოხდა. მან შეშინებულმა მითხრა, რომ ეს მე ჩავიდინე. სრულიად შევიშალე. სახეს ვუკოცნიდი და პატიებას ვთხოვდი. მის თვალებში ცრემლები ტივტივებდა. ვგრძნობდი, რომ ჩემი შეხებაც არ სიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა. დღეები პირვანდელი მარყუჟივით გადიოდა, ოღონდ უფრო მტკივნეული, შეცვლილი სცენარით. ყოველდღე ის ხდებოდა, რაც იმ საშინელ ღამეს მოხდა, ვიძინებდი და ვასახიჩრებდი, მეორე დღეს კი არაფერი მახსოვდა. ვთხოვდი, რომ წასულიყო, მაგრამ არ მტოვებდა. აბის დალევიდან ერთი წელი იყო გასული. ყველაფერს მას ვუკავშირებდი. იმ დღის შემდეგ გავხდი სომნამბულისტი. ყველა ტერმინი მოვიძიე, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერს ჰქონდა შედეგი. ყოველღამე ერთი და იგივე ხდებოდა. რეალობისგან გაქცევა მსურდა და მახსოვს, აბიც ისე დავლიე, რომ სადღაც, ფიქრის შორეთში, იმ აზრმაც გაიელვა, თუ მოვკვდებოდი, ჩემთვის შვება იქნებოდა. ამის გამო სიკვდილზე უფრო საშინელი დაავადება შევიძინე, რის შემდეგაც ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, რადგან ვერ მივაგენი პასუხს, რატომ ვაწამებდი ჩემს საყვარელ ადამიანს. ვფიქრობდი, რომ ეს იყო სასჯელი. ყოველდღე ვცდილობდი, სოფიასთვის კარგი ადამიანი ვყოფილიყავი. ისიც ჩემს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. მისთვის ყოველღამე მონსტრად ვიქცეოდი და ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ მან იცოდა. მე დაძინებას ვაპირებდი, ის კი ყავას სვამდა და ფხიზლდებოდა, რათა ამ საშინელი რუტინისათვის გაეძლო. მინდოდა, მშვიდად გვეცხოვრა, მაგრამ დროთა განმავლობაში მის თვალებში სინათლე ქვრებოდა. ამ ყველაფრის ატანას მე არ ვაიძულებდი, თუმცა მისთვის მძიმე ლოდის თრევა ზედმეტად რთული აღმოჩნდა. მისი სხეული კი უკვე ნაწამებს ჰგავდა. მასაც ვტანჯავდი და საკუთარ თავსაც. ამიტომ გადავწყვიტე, საბოლოოდ გამეშვა ჩემი ცხოვრებიდან. მინდოდა, მისთვის თავისუფლება მიმეცა და ის ცხოვრება, რომელსაც რეალურად იმსახურებდა. ვთხოვე, რომ აღარასდროს დაერეკა. თითქოს ასე დასრულდა ყველაფერი.

ცხოვრება ზედმეტად მტკივნეული გახდა, თავდაპირველმა წყვდიადმა კვლავ მოიცვა გარემო. ვიცოდი, რომ ტკივილის მიუხედავად, ისიც ვერ მოახერხებდა მშვიდად ცხოვრებას, მაგრამ ერთადერთ სწორ გზად ეს მევლინებოდა. დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობდი. ყველა განცდას ჩემში ვკლავდი, უიარაღოდ. არავინ იცოდა ჩემი მთვარეულობის შესახებ, ამიტომ მეც აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი ღამით. თითქოს კადრები ტვინის საქაღალდეებიდან იშლებოდა. ვგრძნობდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სტატუსი მიბრუნდებოდა, რადგან ვეღარ ვხედავდი სოფიას ნაწამებ სხეულსა და მის თვალებში დაგროვებულ სევდას. ყველაფერი თანდათან კალაპოტში დგებოდა, სანამ ერთ დღეს სოფიას დედამ არ დამირეკა. აღელვებული ქალი სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა. მითხრა, რომ სოფია რამდენიმე დღე არ გამოჩენილა და აინტერესებდა, მე ხომ არ ვიცოდი რაიმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაშორების შესახებ უკვე იცოდა. ფორიაქმა მომიცვა. ვუთხარი, რომ იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. სწრაფად ჩავიცვი და მათთან გავიქეცი. უკვე პოლიციაც ეძებდა მას, როგორც მეგობრები და ოჯახის წევრები. ყოველდღე მის სურათებს ვარიგებდით, დარჩენილ დროს კი სახლში ერთად ვისხედით და იმედის მომცემ ზარს ველოდებოდით. ერთ დღეს ოთახში სრული სიჩუმე უსულო ქანდაკების მსგავსად იდგა, როდესაც ტელეფონის შემზარავმა ხმამ სოფიას დედის ტელეფონი ააწკრიალა. მას პოლიციის უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ სოფია იპოვეს. დედის თვალებიდან გადმოყრილმა ცრემლებმა ყველაფერი სიტყვების ნაცვლად თქვა. სოფია ტყეში მოკლული ეპოვათ. მისი სხეული კი, როგორც თქვეს, ცხოველისგან ნაწამებს ჰგავდა. ოთახში ყველას ცრემლი ახრჩობდა. ფანჯრებიდან გლოვისა და ღრიალის ხმა გადიოდა. გულწასულ დედას კი ვეღარ ასულიერებდნენ. გავფითრდი, ვკანკალებდი და სხეულის შიგნიდან ვიწვოდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს მე ჩავიდინე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ამ ფორმატით წაიკითხეთ, აღმოაჩენთ ,რომ თქვენი პროზა საკმაოდ პოეტურია..ოდნავ ხელის შევლება,კუთხეების მომრგვალება და მიიღებთ მშვენიერ ვერლიბრს..

ღამის სილურჯე
მისი თვალის უპეებს ჰგავდა,
როდესაც მე ვიძინებდი,
ის კი ჩაიდანთან იდგა,
ყავის ჭიქით ხელში.

იცოდა,
რომ ძილში
დავიწყებდი სიარულს,
ამიტომ ამისთვის ემზადებოდა.

მახსოვს, როდის დავიწყე
ძილში სიარული...

ნაცრისფერი დღეების კრებულის
კითხვა
იმდენად მქონდა მობეზრებული,
რომ ამ სამყაროდან გაქცევას
ყველანაირი ხერხით ვცდილობდი.

უკვე საჭმელივით მეჩხირებოდა ყელში ყოველდღიურობა.

თითქოს სიზიფეს მსგავსად,
ზურგით ლოდი ამქონდა
მთაწმინდაზე.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი