ზეცის ქვეშ


ქარის კივილი შვილმკვდარი დედების გოდების მსგავსად ქვებს ეჯახებოდა. სასაფლაოზე გამეღვიძა და ვგრძნობდი, რომ თითქოს წლები მეძინა. ეკლიანი მოგონებებივით მახსოვს, როგორ დავასაფლავე შვილი. მას შემდეგ კი სასაფლაოს მოჩვენებად ვიქეცი. ტკივილით ისე სწრაფად გავიდა წლები, თმა და წვერი გამეზარდა, მალევე გამითეთრდა, შემდეგ კი გამიყვითლდა. ძვლებზე ტყავი თითქოს თხლად გადამაკრეს. სიარულის დროს კი ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ, მგონია, რომ ქარის შემზარავ ხმას დავყვები, როგორც სული, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ცეცხლში ვარ გახვეული. ზოგჯერ სასაფლაოზე მოსული ხალხი, როცა მხედავს, საჭმელს ან ღვინოს მთავაზობს, თითქოს მშიოდეს ან მწყუროდეს. ყველას უკვირს, რომ უარს ვეუბნები. ისინი ალბათ გიჟად მთვლიან, ზოგს ვაშინებ კიდეც. მათ არ იციან, რომ მუდამ ვლოცულობ საფლავებზე და უბრალოდ მსურს, არავინ განიცდიდეს იმას, რასაც მე განვიცდი. 
ტკივილი გასისხლხორცებულია ჩემში, რადგან არ მავიწყდება, როგორ ვაყრიდი ხელებით მიწას პატარა კუბოს, როგორ ვიყავი სიგიჟის ზღვარზე, დასაფლავების შემდეგ, როდესაც მის ამოთხრას ვაპირებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მაინც მენახა მისი ლამაზი სახე, ისეთი ლამაზი, როგორიც ცხოვრებაში არაფერი მინახავს. დღეს ლანდად ვარ ქცეული, ყოველ საღამოს საკუთარი ტკივილით ვიკვებები და შემორჩენილი მოგონებებით ვცხოვრობ. 
ხშირად თვალებს ვხუჭავ, რომ გავიხსენო, როგორ ვაცმევდი ფერად კომბინიზონს, ის კი მუდამ ისვრიდა ჭამის დროს თეთრ პერანგებს, რომლის გამოცვლასაც უმალვე მთხოვდა გადმოყრილი ცრემლებით და მეც ყველა თხოვნას უსიტყვოდ ვუსრულებდი. ის იყო ჩემთვის ცხოვრების აზრი და დროის გასვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ჩემთვის მხოლოდ განცდებს შეეცვალათ ფერი, აღარ არსებობს ბედნიერება, არც მწუხარება. ყოველი ახალი დღე უფრო მუქია, ვიდრე წინა, თითქოს ნელ-ნელა იკლებს სინათლე. 
განცდა მაქვს, რომ დაჩოქილი დავდივარ საფლავებს შორის ნისლში და ვხვდები, რომ, როდესაც ვერ ვხედავ, მაინც ყველა თარიღი, სახელი თუ გვარი ზეპირად ვიცი გარშემო. სანამ მივალ ჩემს საცხოვრებელთან ზეცის ქვეშ, საკუთარი შვილის საფლავზე, სანთელს დავანთებ, ვილოცებ და ისევ დავიძინებ წლები ან რამდენიმე საათი. ღამით კი წვიმაც არ შემაწუხებს, როდესაც მას გადავეფარები გულზე, ჩემთვის მთავარია, რომ ის არ დამისველდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი