არავის ვეძებ
არავის ვეძებ... და არავინ მინდა რომ დარჩეს! ვამბობ პოეტი: ღრმა დარდები თოვლმა შეფერა! მე უიმისოდ ვერ ავიტან ვერავის სარჩელს... მენატრებოდი და მწამლავდა ეს ეფემერა! გაშლილ მდელოებს ლურჯად ხატავს მთვარის თითები. სული სილითვე აღვსილია, სილით დათხვრილი. მე როგორც მტვერი საუკუნით დავიფლითები. შენ კი თბილი ხარ, ცოცხალი ხარ, შენ ხარ ნამდვილი! არავინ დარჩეს... მე არ მინდა არვის ნახვა! სულ მარტო ვიყავ... სიმარტოვე გადათვლის დიუმს. შენ მოლანდების ნაბიჯებით გაივლი, წახვალ! მარტო დამტოვებ და მარტოვე შევხვდები ტრიუმფს! გაირიჟრაჟებს უკუნეთში მარადის ველად ცელიან ჯართა ამსახველი ჟღერა, კლარნეტი! დამლანდავს ცეკვით გამომწვევი, სიცოცხლის მკვლელად, ვით ედგარ პოში მოლანდების კარდაბალეტი! მოვა და როგორც გრიგალშია დახსნის ლენტები ისე ვოცნებობ... არ ვენდობი იმედს, არჩევანს! მე შენი სუნთქვა და ნაქვთების ორნამენტები... მე შენი სითბო... ეს სამუმი მთხოვდა დარჩენას! მოვიკლა თავი და სიკვდილი გემთხვიოს მუდამ? ან ნატყვიარმა ქარმა გიწნას ველური თმები? არა!- სიცოცხლეს პოეზია გადაებურდა, რომ შენს სიზმრების ბოლოებზე ჩანდნენ ტიტრები! დავრჩები რადგან არ შებღალონ შენი სხეული. შენივე სულის უსულდგმულო ყოფნა, პაწია... მე გელი რადგან ლამაზია მზე შენეული, რადგან ლამაზმა უკვდავებით ყოფნა არჩია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი