მე ისევ ვმღერი და ვუყურებ ვერიდან
მე ისევ ვმღერი და ვუყურებ ვერიდან აწოწილ ლამპიონს მხურვალე რეჟიმის. შენ ქარი გეხება რომელსაც ვერ იტან. მე ღამე მეძახის, რომლისიც მეშინის! სიტყვები უთქმელად ამღერდნენ ნოტების და უცხო დაღლაში მიმოსვლა გრძელდება. საღამო ლურჯდება, ზამთარი ტოტების... ჩამოდგნენ ღრუბლები მთვარეზე ბნელდება! სიცოცხლე არშიას ლანდებად მოელის და უფრო სურნელით მომყვება მაისი. ირეკლავს თვალებში პაოლო კოელის თელილი გვირილა და ედელვაისი! სიშორე განწირულ ხმებში ვერ გიშველის, შემეკვრა მე სუნთქვა და სული ხშირდება. რომ სადღაც ამღვრეულ სიზმრებში შიშველი ცისფერი ქარია და ცა ნახშირდება. არასდროს დადგება ის ჩემი ოცნება, რომელშიც ფერმკრთალი იხრჩვება სურვილი. საზღვარი სიძნელის ჩამოდგა რომ ცნებად და უფრო წყვდიადის შემიპყრობს წყურვილი! შემიპყრობს სიშორე თოვლია, თოვლია. ო, დიდი ხანია მე გელი, მე გელი! ადგილში საც ქარნი ვერარას მოვლიან. ახლაა სიშორე საერთო მეტყველი. ზეცეთში მქროლავმა მარადი აღუთქვა მშვენებას, რომელშიც უკვდავი ჯერია. და პიკი სიცოცხლის იქნება დაღუპვა. მშვიდობით! პოეტი შენია, შენია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი