ო, გულია აღვსილი მწუხარების იებით


ო, გულია აღვსილი მწუხარების იებით
და ახლოა გაფრენა სულის გაცისკროვნება.
სჩანს ახლა ვეგებები და ვგრძნობ დანამდვილებით
იმ მოთეთრო და ვითომ ანგელოზის ცხოვრებას!

ვიცვლი სიზმრით მხარეებს, როგორც ფილმის კადრები.
ცით რა მოჩანს სიშორის მარიდულ-ელვარე?
მჯერა, როგორც ნისლია ისე დავიკარგები
ცის ლურჯ-ნიაგარების ქარეშხლებში მღელვარე!

ვიყავ არარაობა და ახლა არაფერი!
და მოიწევს შეხება ახალი უსასრულის,
საც იფეთქებს ცისფერი ჩემი სულის სანთელი
დაულაშქრავ სივრცეთა ხაზით შემოსაზღვრული!

როგორც გემთა სტუმარი მოდის  თეთრი თოლია,
ისე შავი აჩრდილის მე სულ მახლავს ფიცილი!
მიმაცილებს შეშლილი ზღვების მელანქოლია!
მიმაცილებს ქარეთის უგზო-უკვლო სიცილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი