ჩემი სული იხიბლება წამსვე...
ჩემი სული იხიბლება წამსვე, გამოგონილს შევეხები როდის. ის მენდობა მე ვენდობი მასვე. უსასრულო საუკუნე მოდის. შენი სახე მოიწევა ახლოს და შივილით გრიგალია სუნთქვის. ეს მუქარა მუდამ ჩემში სახლობს. ამ პირობას მხოლოდ შენს თავს ვუძღვნი. მდუმარება შეირჩევა მაშინ, როს დაღლილი სიტყვა გასცდა წამზომს. და სივრცეებს ვეფერებით ქარში და სამყარო წერტილივით გვახსოვს. ასე ჩუმად გაივლება შუქი უსასრულო მარადიულ ბნელში. ეს ოცნება იარსებებს, თუკი შემომრჩები სამუდამო ხელში. ეს სიჩუმე გადიფარებს კერას- მანათობელ ბროშურებით ზეცის. და ის თურმე აყურადებს ყველას და მე თურმე მხოლოდ მისი მესმის. ასე წლები ქარდაქარ ცლის იერს, ასე დნება შეძახილი ცეცხლის და შენ თურმე შეიცვალე ძლიერ და მე უკვე ვერაფერი შემცვლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი