ციდან დაეშვას თვალმომჭრელი ლურჯი სვეტები
შენი თმის ქროლვა ზღვისა შესადარები, შენი უბრალო ტანისამოსი, მზერა ვეება, და უშენობა ჩემს ბნელ ოთახში შესაზარები, მე ხელეთ მიპყრია შენი სხეული სადავეებათ. და უშენობა საუკუნეში თუ შემაჩვიეს, რომ შიშველ ხეთა გასაყინად, შესარხეველად, თუკი ჩემს ტანჯვად დედამიწიდან შენ აგარჩიეს, მაშინ, დე, მოვკვდე შენი გულის შესამთხვეველად. მაშინ დამთავრდეს ოცნებათა ყრუ იმედები, ერთი შეხების აკიაფდეს ცხადი ზმანება, ციდან დაეშვას თვალმომჭრელი ლურჯი სვეტები და მათზე ვცადო უიმედო ატორტმანება. ეჰ, სიცოცხლეო, სიყვარულში გადამძირალი ტანჯვა, ტკივილი გიდარაჯებს კართან აფთრებად, ელვა წარსულის, შენი ნათება შემომცინარი, კიდევ რამდენი დამჭირდება გამოზამთრება? კიდევ რამდენი ქარი შეგეხოს ჩემს გასაგონად, კიდევ რამდენჯერ აგიფრიალოს ფანჯრის ფარდები. კიდევ რამდენი ოცნება მაქვს გამოსაგონად, რომ შეგადარო უნაზესი ფარშევანგები? მე სიმარტოვის განთიადებს ვეტრფი შენსავით და უდაბნოში მოღუშული საით წაველი? ვუმზერ ცხოვრებას: წვიმით, ქარით სხვებსავით და კვლავ ოთახში ცარიელია შემოსასვლელი! მაშინ დამთავრდეს ოცნებათა ყრუ იმედები, ერთი შეხების აკიაფდეს ცხადი ზმანება, ციდან დაეშვას თვალმომჭრელი ლურჯი სვეტები და მათზე ვცადო უიმედო ატორტმანება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი