ქარზე უფრო მეტად სული მეტყველებს


ყოველღამ მოდის გამჭვირვალე თეთრი თენება
და უფრო ძლიერ მეკარება შენი ხსენება.
ოთახში სადაც უფრო მეტად დუმილი ჭარბობს
და ყველა სათქმელს შემოსული ქარი მიამბობს.
მოყვება ხომლე: სად გათენდა, ვინ გაიღიმა?
ვინ მოწყენას შეეფეთა ან სად იწვიმა?
და მხოლოდ შემდეგ შეეხება მღვრიე წარსულში
თეთრ მოგონებებს და ელვარება ჩამწვდება სულში.
რომ ახლა ქარზე უფრო მეტად შევიგრძნობ ველებს,
რომ ახლა ქარზე უფრო მეტად სული მეტყველებს!
რომ დაღლილ შუქით აივსება ჩემი ოცნება
და ამ სხეულში ჩემი სული მესაოცრება.
და მის ბზინებით გაიჭრება ლოდინში რაში,
როგორც სიმებით ქარი მღერის ჩემს ფანჯარაში.
და მომაგონებს წვიმიან ქუჩას ქოლგიან ქალით,
ვინც შევიყვარე სამარადისოდ და აქ არ არის.
თუ ქარს ადგილი სიყვარულში დაკარგული აქვს,
მას მუდამ ახსოვს, რომ ადამიანს ხუთი გული აქვს!
და ხუთივე გულს შემოუტევს ცემის გრიგალი
უმისამართო სიზმარეთში შენთან ვიყავი.
თუმცა სულ სხვაა მოელვარე ახლა ეს ვნება,
რომ იქით ზღვა და ზღვის იქით ზეცა ეშვება.
რომ უკვდავების მშვენებები ნისლში არიან.
რომ ცის ხელა ვარ მე პოეტი და მიხარია:
რომ ახლა ქარზე უფრო მეტად შევიგრძნობ ველებს.
რომ ახლა ქარზე უფრო მეტად სული მეტყველებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი