ახლა ისეთ ჭიდილში ვარ თავთან


ახლა ისეთ ჭიდილში ვარ თავთან,
რომ მომავლის ტრიუმფალურ არეს
ოცნებებით დახუნძლული მოგონება მართავს.

ო, ისეთი ცარიელი მკრთალი
და ისეთი უფერო ვარ. ღმერთო
სულში სავსე თოვლით დამეკალი.

ო, ისეთი უდაბნოა ირგვლივ.
სოციუმის ილუზია მგუდავს
და ქარს ატანს პოეზია გვირგვინს.
თავს პოეტი ქარში დაიღუპავს.

მაგრამ ისე ცოცხალი ვარ. ღმერთო!
ელავს ირგვლივ სარკესავით პლაჟი.
შემიძლია გვირილები კოსმიურად შევაერთო.

სოფლიური ერთობა მიძინებულ მსოფლიოს აღნიშნავს
და ყველას მომავალს ერთი წარსული აქვს.

შენ რასაც ყოფით ვეღარ ეკმარე, ის უხილავში მოვა მშვენებად.
შენ რასაც ცხადში ვერ გაეკარე, ის ოცნებებში მოგეფერება.

ახლა ისევ დაბადება მტკივა
და მიწაზე კოსმიურად მცივა.

ვთქვათ: მსოფლიო ვით ოკეანე
ღელავს და ყვირის, ცას ედავება.
შენ წვიმის წვეთი ციდან რომ დაექანე...
და კიდევ ერთხელ გაუკვდავება.

კალამით ხელში! კალამით ხელში!
ლექსი და ყოფა ქარიან მტვერში.
დინებას მისდევს ლურჯი ლუცია-
ინვოლუცია! ევოლუცია!

ქვემოდან ზევით. ზემოდან ქვევით:
ბიძგით, ფიქრით, გრძნობით და მზერით.
მინეჭებული როგორც ტიტული.
და არ არსებობს ერთი რეფრენით.

და არ არსებობს ქვეყნად გენია.
ჩვენ თანაბრობა აღგვიდგენია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი