ელვათა ელვა, ხიდებთა ხიდი
ელვათა ელვა, ხიდებთა ხიდი, ჭექათა ჭექა, წვიმათა წვიმა, აქ უშენობა დროსავით მიდის და უსტიქიოდ ცივდება. ცივა. მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ და მაშინ, გიყურებ შენ და გიყურებ მარტო როცა ქარია, მწუხარე ქარში გზებია ცალად, გზებია ფართო. იჩქეფებს გრძნობა დაგუბულ დღიდან, სტრიქონს და სტრიქონს ღრუბელთა ციდან, თითქოს უდიდეს სიმარტოვიდან, ზღვის ნაპირებთან გემი მოვიდა. და არის შფოთი, ისევე მოდის, როგორაც მოდის დემონი მშვიდი, ფოთოლთა ცვენა, ხეებთა ტოტი ელვათა ელვა, ხიდებთა ხიდი. არ არის მხოლოდ შენი აქ დგომა, ვერ გამიგია ეს ლამაზია, თუ ეს უბრალოდ ასე ნაზია, იყო ეს ცხადი თუ ფანტაზია? ეს მას ეკუთვნის, ეს იმისია, მე იგი მიყვარს და ეს მისია, ახლა ძვირფასო აქ ივლისია და შენ გეკუთვნის. ბენეფისია! და არის გრძნობა, გრძნობათა კრთომა, ლანდმა სხივნიც არ იმოსა, ვით სასჯელი იყო თოვა და მოცარტის-lacrimosa! გზებია ცალად, გზებია ფართო, როცა ქარია, მწუხარე ქარში გიყურებ შენ და გიყურებ მარტო, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ და მაშინ. და უსტიქიოდ ცივდება, ცივა! აქ უშენობა დროსავით მიდის, ჭექათა ჭექა, წვიმათა წვიმა, ელვათა ელვა, ხიდებთა ხიდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი