მე ყვავილების მიბერავს სიო
მე ყვავილების მიბერავს სიო. ალბათ, ჩემებიც აღარ მიცნობენ. ტრიალებს ქარი, ღელავს მსოფლიო, მე კი აღარსად აღარ მიხმობენ. ამომელია თვალებში ხაზი ჰორიზონტების, მელანქოლია დამაქვს, ჩასუნთქვა აღარ მაქვს ნაზი და ახლა უფრო ცების ზოლია. ჰაერსაც ვერ ვგრძნობ, მიბერავს ქარი. მიბერავს ქარი, ვარ უსხეულო. დახურეთ კარი, მძულს მეგობარი, შე საცოდაო, შე უდღეურო. რა შეგიძლია? ვის მიენდობი? სადაც დადიხარ ყველგან ნისლია. გაჭედილია გულში საცობი და უკვე წერაც არ შეგიძლია. კადრები ხსოვნას. ფერები ფირებს. ნუ გადათელავთ ვენახს მძოვრები. აქ სამუდამო სიმართლე ელავს, რომ აღარავის ვემახსოვრები. რომ აღარასდროს არ დავბრუნდები. მე მხოლოდ წვერი მახსენებს ახალს. მოგონებების წყევლით ვდუმდები. ქვემოთ ვარ, ქვემოთ ვუყურებ მაღალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი