ვწევარ და ვფიქრობ...


ვწევარ და ვფიქრობ და ისევ კარტს ვჭრი.
ვინტილატორი აგრილებს სხეულს.
ვუსმენ თუ როგორ უმიზნოდ დავრჩი,
სიტყვები როგორ კარგავენ რვეულს.

მას შემდეგ რაც შენ წახვედი მორჩა.
შორს წასვლა მორჩა. დარჩენა მინდა.
ვწევარ და ვფიქრობ და ისევ შორს ჩანს
ის რაც ყოველთვის იქნება წმინდა!

გუგუნებს წვიმა, ნისლების სახე.
ცხენების დოღი მალული, ციდან.
მე ვერ ვიხსენებ, ბოლოს სად ვნახე
და ვერ ვიხსენებ, როგორ მიცდიდა.

ო, ხელების ზღვას... მე გელი რისხვას.
ჯერ გადარჩენას ოცნება არ სდევს.
პირველი ლტოლვის უცნაურ მისხალს
შეგრძნება მსუბუქ სიზმრებში არჩევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი