მწერალთა სახლი
ვწერ როგორც მორგი აჩრდილთა, ვწერ როგორც ფრთები დემონის. მე შენი სისხლი მანდილთა ტუჩებზე დამაქვს გემონის. ვწერ როგორც ლანდი, ტალანტი ვიმტკიცებ ჩემს საუკუნეს. ვიხსენებ როგორ გმალავდი. ვინ უნდა შეხვდეს სილუეტს? ვინ უნდა დამხვდეს ოთახში, რასც პოეზია ვუწოდე?! ვინ უნდა მოკლან, მარსებო?- სანამ პოეტი ვარსებობ! რომელ ქარეთის სწრაფვისკენ აწყდება რიგი პოეტთა. მე იქ დამენგრა განცდა და სახლი სიმარტოეთა. ვწერ როგორც სხივი ახალი, საიდუმლოთა მახლი, ვწერ როგორც ტყვია ნახალი, როგორც მწერალთა სახლი- ხელებზე ხორკლი, ქარული ვნება, ველებზე ორთქლი წვიმთა სველება. ფენებზე მოვქრი ლექსთა გველებად. გედივით ბოლო ამოხველებით შემოშველებას ჰკლავს ხელოვნება. შველა არსაით ხელოვანების ვით გაქცეული უკვე ბავშვების ჩალაგებული ჩემოდანები. დაბლა ვარდები! როგორც ვარდება ყელზე აღზნება შენი ჩოკერის. ვწერ და ვყვავდები, როგორც ანთება ყვითელ კანტებად და იკლაკნება ხმები ოპერის! სადაც პოეტთა მყუდრო ძილია მე იქ უძილო მქონდა ოცნება. თან ვიხსენებდი ხომ ნამდვილია? და ხომ არ იყო გამოგონება?! სად დამემართა მე სიყვარული, რომ შენს ჯვრის წერას ელის მოგნება. და უფრო ადრე მოკვდება სული, ჩემო ძვირფასო, ვიდრე სხეული! თქვენ სულ მიდიხართ, რადგან ძილია ხსნა, ბედი! მე ფხიზელი ვარ არსად წავედი! ვწერ და სიზმრების არ მჯერა ახლაც, ვეღარც ზმანება შემიპყრობს ქალის. ამ საიდუმლოს ვერ ვეტყვი სახლსაც- სადაც პირველად დაგადგი თვალი. სადაც ერთივით შევნიშე ხალხი სადაც დემონის ვნახე ქიშპობა, საც ანგელოზი ნელა ისპობა- მიტოვებული მწერალთა სახლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი