და კვლავ სიშორე შეიგრძნეს ქალის


და კვლავ სიშორე შეიგრძნეს ქალის...
ქალის, რომელიც შენა ხარ მართლა.
მხოლოდ ნაპირზე ფეხების კვალი-
სანახაობა არა მაქვს მარცვლად.

და ვუსმენ ეგოს ზღვათა დინების-
მიიჩქარიან, არსად მიდიან.
და სიახლოვე ყრუ მოდუნების-
უხილავი და ბროლის ხიდია!

თვით სილამაზე ცეკვავს ყვავილზე
და უფრო მეტად ცეკვავს ჭკნობაში.
უფრო მსუბუქი მთვარის აპრილზე,
უფრო მხურვალე მზეზე დნობაში!

შორს იტაცებენ იდუმალებას,
ჰყვებიან ქარს და უმისამართოდ
გამოქროლილი წევს სტუმარივით
მარტოობა და თან უკამათო.

და გიჟი იტყვის: მჭირდება, მინდა!
და ბრძენი იტყვის: არ მსურს მხოლოდ ვგრძნობ!
და ბრძენი ამბობს: როგორიც გინდა!
და გიჟი ამბობს: მხოლოდ ვმეგობრობ!

ვით სინაზეში ძირულ მთვლემარეს
სიზმარში უშვებს ზღაპრულ ბედივით.
სხივი მდინარით ირეკლავს მთვარეს,
მთვარე მდინარით მოსჩანს გედივით!

იყო საბაბი ყოველთვის ღამე
ბრწყინვალების და განთიადების,
ვით ზღვებს ვარდნილი მსუბუქ-მთრთოლარე
აელვებული ათინათები!

ახლა მბჟუტავი არის ოცნება.
მიტოვებული სახლში მივედი...
არც პოეზია, არც ხელოვნება,
აღარც ცხოვრება არის იმედი!

და ხმოვანებით კრთება სიკვდილი,
სიცოცხლე, როგორც უკანასკნელი...
მდუმარე მტვერში, მდუმარე მტვერში
საუკუნეებს მოსდევთ ქვესკნელი!

და შრიალებენ და შრიალებენ
ხეები ქარით მიტოვებული.
ვით იალქნები ემსგავსებიან
თეთრ მოლანდებებს გამოშვებული!

და კვლავ სიშორე შეიგრძნეს ქალის,
სხეულმა, ზღვებმა და ზეცამ.
რამდენჯერ ვნახე ცრემლიან თვალით,
რამდენჯერ მსურდა მისგან დამეცვა?

და ყინვა მოდის უშფოთველ დღეში,
თეთრი სიმშვიდე გაანადგუროს.
არავინ გელის ღრმა სამარეში,
იქ არაფერი არსად სადგურობს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი