ქარის ამბავი...


ქარის ამბავი მქროლავია და უფრო ხშირად
შემოეჩვევა მას წყვდიადის ხოლმე ხელები.
ქარს აღარ ახსოვს თუ რა იყო მასში ნამდვილად
გაცივებულა საუკუნის ჟამთა ველებით.
სწუხს აჩრდილივით და კედლებზე გააქვს ფასადი
თუმცა სხეული მისი მაინც არსად არ რჩება.
მას შეეჩვია არ დარჩანის გამოსავალი
და უნებური დავიწყება ან მიტოვება!
ყველგან ბინადრობს, კოსმიურიც კი აქვს ბინები
თუმც მოწყენილი  დაეშვება ხოლმე, პაწია!
უყვარს ზღვა სადაც ტალღებიდან ქრის მოჩვენებით,
ცოტახნით მაინც მას სხეულად რაღაც აცვია!
ქარში მკვდარია ვინმეს ლოდინი,
რადგან არა აქვს გულში დარჩენა.
როგორც საღამოს გველოდება მოკვდავთ ლოგინი,
მას უკვდავური ელოდება სადღაც გაფრენა!
თუმცა სიცოცხლის შეხებია ქარებს ალმური,
იქ ცოცხალია, მზე აცვია, სახე სხივია.
ო, უდაბნოდან სამუდამოდ მოქრის სამუმი
და როცა მოვა უკვე ცივია!
გარდაცვლილია მისი სახე, შეშლა მზერების!
ჩამოღამებას დაემსგავსა ფერი ზღვებიდან.
ქარი მუდმივი მეფე არის ეფემერების,
ქარი მუდმივი სიზმარია გაოცებიდან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი