მითხარი რაც არ ვიცი!
მითხარი რაც არ ვიცი! ხვდები რაზე ვსაუბრობ? შენს სიცოცხლეში სიკვდილს სულ მცირე დროს თუ დაუთმობ... ჩემში მოძრაობს მშვენება? თუ მშვენებაა რაშიც ვარსებობ? სუნთქვას მიკრავთ და მეხვევით უკიდეგანო გარსებო. ჩასუნთქვა აღარ არსებობს და მიჭირს უფრო ტირილი მონოტონური მზე მაჭკნობს დამიჭერს უხმო გვირილით. ახლა უეცრად ყვირილით პირი აქვთ ღია სარკმელებს ვეძებ და მეც ვიკარგები, ღუზა მოება ამ ხელებს მე ვარ თვით სიღრმე, თუ შევინიღბე, ეს ოკეანე მაღელვებს. შემდეგი დრო კი გადავა, ემსგავსა მტვერი საღებავს რომ საუკუნე ან მე მგავს, ან საუკუნე არა ვარ ხან და ხან, ო, პატარა ვარ, ხანაც კოსმოსის კიდენი მომიჭერს ისე თითქოსდა სივრცეა ჩემი კლიტენი! მომიწევს ისევ გაშვება, ვინც ვნახე სადღაც გაქრება ასე ვიცი, რომ სიცოცხლე სიცოცხლის ხარჯზე არ რჩება. მე მომწონს ჩემი სიკვდილი და დამწყვდეული თვალები ანათებს მკაცრი შუქურა გარშემო შემორკალებით. მითხარი ის რაც არ ვიცი, თუ ხვდები რაზე ვსაუბრობ- შემომიტევენ დღეები, წამები მხარჯავს და უფრო მე მომინდება შრეები სადაც არ ვიცი რა ხდება კვლავ მაღვიძებენ მზეები, წუხილი სანამ გახდება რაც არის და გადახტება. ნაზია ქარის მიზნები დავდივარ როგორც უდაბნო, ცურავენ მექანიზმები. ჰაერი მიჭირს, მძიმე ნაბიჯის ლანდები კვამლად ალდება ახლა ყოველი არსება სამარეს უთანაბრდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი