რა არის ის რაც გაგვექცა?


ერთია მოხვიდე ადამიანად,
ერთია მოხვიდე შესაქმნელად,
უსასრულობის წუთისოფელთან
წამიერად დასაწყვილებლად,
მარადიული ჟღერადობის 
თითის წვერებში გადმოსატანად,
იმ წალამის ასაგიზგიზებლად,
რომლის ცეცხლი მანამ არ ჩაქრება,
სანამ იქნება უსასრულობა.

ოხ ეს მარადისობა,
გულზე რომ მოგხვდება, აღარ გშორდება,
შეგჭამს, შეგიკლავს, დაგათრობს,
უწამლო სენივით შეგიპყრობს,
დაკარგულ სულის სითბოს ჩაგიჭდობს
და მასში ნახავ შენს ცხონებას.

მაგრამ საიდან აქვს სიტკბო ამდენი,
სულის სიბნელეს როგორ ანათებს?
მარადისობა მუდამ კაშკაშებს და
სიყვარულია მისი სანთელი,
ერთხელ თუ ხელს ჩაგავლებს
არავინაა თავის დამძვრენი.

თუ ეს სიყვარულია, მაშ რატომ რეკენ გლოვის ზარები? რატომ მშორდება და მაინც დავყვები? რატომ ჩამესმის, როგორც მღელვარე ჰანგები?
რადგან ეს ადამიანობაა, 
ადამიანობა სევდანარევი.
სევდა იმაზე ფიქრისა, რომ იპოვე რასაც ეძებდი, მაგრამ არ ძალგიძს მისი დაბრუნება, კიდევ დიდხანს ვერ შეწვდები. 

და რა არის ის რაც გაგვექცა? 
ეს არის, ზუსტად, მარადისობა.

მარადისობას შენ ვერ შეწვდები,
მარადისობა უნდა შეგწვდეს შენ,
ამას ნატრობდნენ,
ამას ფიქრობდნენ რომ,
მარადიულ ქალაქში დამკვიდრდებოდნენ,
მაგრამ სად ეძებათ? არა იცოდნენ.
აგებდნენ ძღვენს მისართმევად და
ამ ძღვენითვე იმოსებოდნენ,
რათა, თუ მათ არ მიიღეს,
იქნებ მალულად შეპარულიყვნენ.

და აჰა,

მათი სახელები მანამდე მოკვდა
სანამ შესწვდა მათ მარადისობა.
ვაი შენდა კაცობრიობავ,
როგორ დაგტყვია უვარგისობა,
ერთი კოპწია ვაშლისთვის,
როგორ დათმე უსასრულობა?

მაგრამ მისგან გამომავალი, არაფერია დაკარგული. 
უსასრულობა ყველგან სუფევს, ეკალბარდებსაა მოფელინილი, 
ჩვენი სევდა გვირგვინად ადევს, შუბლს სისხლი აქ ჩამოწვეთილი. 
საუკუნო ცხოვრების წყალი მისი გულიდან ამოხეთქილი ასაზრდოებს მის რჩეულთ, 
ვინც გახადა ჩვენთვის ხილული უსასრულობა სულთამპყრობელი.

ხოდა ეძიეთ უსასრულობა, 
მისი პოლიფონური ჟღერადობა,
თან რომ დაჰყვება რიტმული
კარგად ნაცნობი სევდიანობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი