აბა ნახეთ


აბა ნახეთ, როგორ დიდებულად გალობს ქნარი, 
მისი ჰანგი როგორ ჰმოსავს გულს,
როგორ ათბობს, 
როგორ ართობს,
ჯერ არასდროს არ ყოფილა სული ასე წყნარი.

აბა ნახეთ სვეტიცხოველი, ანგელოზისგან აზიდული
და მის გვერდზე შავნაბადა ზეცად მისული.
აბა ნახეთ სამება, მაღალი, წელში გამართული რომ დგას,
დგას მიწისგან გამიჯნული.

გაგიგიათ ამბავი რაინდზე? ტყავი ვეფხვისა ემოსა,
უდაბნოს შეფარულიყო, თავის თავზედა წყრებოდა,
როგორ დაუშვა ქაჯთაგან მისი მიჯნურის შეპყრობა?
შორიდან ესტუმრა ძმობილი, მის ჭირზე გული რომ ეწვოდა.
ხელი მოჰკიდა, წავიდნენ. დრო დადგა, უნდა ებრძოლათ.
აყარეს ქაჯებმა კუდები, ვერა დასძლიეს ერთობა.
მიჯნური დაიხსნა, გამეფდა, დაიწყო მისი ზეობა.
საიდან ვიცი ეს ამბავი? მესხი მელექსე ყვებოდა.

აბა მკითხეთ, საიდან გაჩნდა ეს ყოველივე?
ქარმა მოიტანა?
თუ ზღვამ გამორიყა?
გამოფანტული და გამორიყული შედევრი სად გაგონილა?

ქვა თავისით არ აზიდულა, არც ქნარმა ააჟღერა თავისი სიმი.
არა, ეს არის უსასრულობა და ჩვენი ნიჭია მისი პირი.
ნიჭია ხიდი ჩვენი და
ნიჭია ტვირთი ჩვენი,
ჩვენი ოფლია მასალა და
ჩვენი სისხლია საფუძველი,
რომელზეც დაშენდება უსასრულობა,
ფესვებს გაიდგამს, შესისხლხორცდება.

და მე?

მელანი არს ჩემი მერანი,
ჩემი საღარა პეგასი,
შემოვაჯდები და გავწევ მაღლა,
იქ, სადაც მეფენი დგანან,
ხელს გავიწვდი, ვიტყვი ხმამაღლა - 
"ხელი ჩამჭიდეთ, მეც აქა ვარ!"
მაგრამ ვრჩები მარტო-ეული,
უგზო-უკვლო მე ვარ მდევარი,
მაგრამ გავყვები სადამდეც წავალ,
დავმკვიდრდები როგორც ცხედარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი